"საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება რუსეთისნაირ სახელმწიფოს ვერ დაუპირისპირდება"
08/08/2022 10:32:22 პოლიტიკა
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ექს–პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ "2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის არმიის შეყვანის გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი არ ეპარებოდა და არც ახლა ეპარება". ამასთან, იგი უკრაინაში შეჭრასაც ამართლებს.
„სამწუხაროდ, საქართველოსა და უკრაინაში, ამ ქვეყნების ხელისუფლებებმა რუსეთს არჩევანი არ დაუტოვეს, კონფლიქტების პოლიტიკური დარეგულირების პროცესის ჩაშლით და ჩვენ გააზრებულად წავედით სამხედრო ჩარევაზე“, - განაცხადა მედვედევმა რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასსთან" ინტერვიუში.
მედვედევმა საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს "სისხლიანი სულელი", "შეშლილი ფრიკი" და "მუყაოს ყეყეჩი" უწოდა.
„ჩვენ არ შეგვეძლო, უბრალოდ შეგვეშრო ცრემლები და თავი დაგვეხარა სისხლიანი დიქტატორისთვის და ხალხი დასაგლეჯად მიგვეგდო. ჩვენი მოქმედებების სისწორე შემდგომში განვითარებული მოვლენების მსვლელობამაც დაადასტურა, მათ შორის აგრესიული დოქტრინების სამარცხვინო ჩავარდნამ, რომლის განხორციელებასაც მათი საცოდავი ბელადი ცდილობდა ასეთი გზნებითა და ზეწოლით. მცირე დროის შემდეგ იგი თავისივე ხალხმა უარყო. თუმცა, იგი უსაქმოდ დიდხანს არ ყოფილა და სიხარულით მიეყიდა უკრაინის „ნარინჯისფერ“ ფიგურებს. მათი ამ რუსოფობიური პოლიტიკის ნაყოფს დღეს ვხედავთ ამ ქვეყანაში“, - აცხადებს მედვედევი.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ "საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება რუსეთის ძლევამოსილი სახელმწიფოს წინააღმდეგ დაპირისპირებაში არ ჩაერთვება".
„რაც შეეხება ახალ შესაძლო აგრესიას საქართველოს მხრიდან, მისგან გამოყოფილი ტერიტორიების წინააღმდეგ - ეს შეუძლებელია. ჩვენთვის დღეს აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რომლებთანაც ჩვენ მეგობრული ურთიერთობა დავამყარეთ და სადაც ჩვენი სამხედრო ბაზებია განთავსებული და ეს კარგად ესმის საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას. ისინი კიდევ ერთხელ არ ცდიან ბედს და არ ჩაერთვებიან დაპირისპირებაში ისეთ სახელმწიფოსთან, როგორიც რუსეთია“, - განაცხადა მედვედევმა.
მას მიაჩნია, რომ საქართველო და უკრაინა ნატო–სა და ევროკავშირის წევრები ვერ გახდებიან.
„იქ მოხვედრა მხოლოდ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვიწრო ხვრელითაა შესაძლებელი“, - დასძინა მან.
2008 წლის აგვისტოში დიმიტრი მედვედევი რუსეთის პრეზიდენტი იყო.


