"მიდგომამ, რუსეთს უნდა დავუთმოთ, თორემ უარესი მოხდება, დააზიანა თავისუფალი სამყარო"
08/08/2022 10:51:15 პოლიტიკა
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ "მიდგომამ, რუსეთს უნდა დავუთმოთ, თორემ უარესი მოხდება, დააზიანა თავისუფალი სამყარო".
"დღევანდელი რეჟიმი იწვევს რუსულ აგრესიას ან მზად არის, ისეთი დათმობები განახორციელოს, რომ როგორც ჩრდილოეთ კავკასია კადიროვის საბოგინო მოედანია, იმავედ აქციოს საქართველო. გზავნილი, უნდა გავუფრთხილდეთ, თორემ უარესი მოხდება, მუშაობდა და ამან დააზიანა საქართველო, უკრაინა და თავისუფალი სამყარო. ახლა ასე არ არის და ბოლომდე უნდა მოხდეს ამ ბოროტების გასრესა", – განაცხადა ბიკერიამ.
ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა 2 232-ს შეადგენს, მათ შორის 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.
სადღეისოდ საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას.
აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ "დამოუკიდებლობა" აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად რჩება.


