რას გვიპირებს პუტინი და როგორ სცადა კრემლმა, მედვედევის იმპერიალისტური ფალსტარტი მატრაბაზული “გმირობით” გადაეფარა

08-08-2022 19:49:07 კონფლიქტები ,პოლიტიკა

ვერა და ვერ გამოსდის დიმიტრი მედვედევს რუსულ პოლიტიკურ ოლიმპზე დაბრუნება იმ ფსკერიდან, რომელზეც ვლადიმირ პუტინმა ჩაუშვა “პრემიერი-პრეზიდენტის” როქში გამოყენებისა და მთელი რიგი საკუთარი დანაშაულებრივი გადაწყვეტილებების ტვირთით დამძიმების შემდეგ. რუსული სახელმწიფოს ყოფილ ლიდერს ამასწინათ გარდაცვლილი ჟირინოვსკის "კრემლის რუპორის" როლში ჩანაცვლებაც კი არ გამოსდის. არადა, მთელი ბოლო პერიოდი მედვედევი, რომელიც ოდესღაც დიდი პერსპექტივების მქონე ლიბერალად ითვლებოდა, ფაქტობრივად, ტყავიდან ძვრება პუტინისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ ძალუძს, არათუ დაეწიოს, გადაუსწროს კიდეც საბჭოთა ნოსტალგიით შეპყრობილ ყველა კრემლელ იმპერიალისტს. შედეგი ერთია: მედვედევმა საბოლოოდ გაიფორმა პუტინის იმ "კარის მატრაბაზის” იმიჯი, რომელიც ყველაზე ვულგარული ფორმით გაუგონარი სისულელეების ფრქვევასაც კი აღარ ერიდება; "პერსპექტიული ლიბერალი" ქცეულია “ხელის ბიჭად”, რომელსაც ამ კარდინალურმა გარდასახვამ გაუთავებელ დამცირებასთან ერთად უკვე ფსიქიკა, მეხსიერება და ინტელექტიც დაუზიანა. კრემლის დერეფნებსა და რუსულ საექსპერტო წრეებში ბოლოხანს ექს-პრემიერ-ექს-პრეზიდენტის ალკოჰოლიზმზეც კი საუბრობენ. თუმცა თავი დავანებოთ ჭორებს და დავკავდეთ მედვედევის არანაკლებ სავალალო რეალობით.

როცა ივლისის მიწურულს ქართველი და აფხაზი ისტორიკოსები სოცქსელების მომხმარებლების კვალდაკვალ დავობდნენ, მაინც ვისი იყო სოხუმში “სახელმწიფო დროშის დღეზე” წარმოდგენილი ხუთჯვრიანი თეთრ-წითელი ბაირაღი – “აფხაზური სახელმწიფოსი” თუ ქართულის, პოლემიკის მონაწილეთაგან ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ორიოდ დღეში ამ დავას კალმის ერთი მოსმით დიმიტრი მედვედევი გადაწყვეტდა: მან ერთნიც და მეორენიც გააოგნა "სიახლით" - “არავითარი სახელმწიფო საერთოდ არ არსებობდაო”! პუბლიკაციაში, რომელმაც სოცქსელ “Вконтакте”-ში სულ 10 წუთი იარსება, კერძოდ, ნათქვამი იყო, რომ “1801 წლამდე ქვეყანა “საქართველო” არ არსებობდა”, რომ ის “მხოლოდ რუსეთის იმპერიის ფარგლებში გაჩნდა” და რომ "ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს ამჟამინდელი ტერიტორია მხოლოდ რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში შეიძლება, გაერთიანდნენ".

თუმცა საქართველო ერთადერთი არაა, ვისაც მედვედევი თავისი “ღრმა” ისტორიული ცოდნის “ბასრი სამართებლით” გადასწვდა. უწოდა რა ყაზახეთს "ხელოვნური სახელმწიფო", რომელიც "ყოფილ რუსულ ტერიტორიებს აერთიანებს” და “რუსების გენოციდს ეწევა", “პუტინის მატრაბაზი” შეეცადა, მაქსიმალულად ესიამოვნებინა “იმპერატორისთვის” რჩევით, “სანამ იქ რუსები არ შევლენ, წესრიგი არ იქნებაო".

პუბლიკაციაში დიმიტრი ანატოლის ძე მკითხველს გულახდილად აცნობდა ასევე კრემლის შემდგომ ჰიტლერისეულ გეგმებს: “კიევისა და მალოროსიის მთელი ტერიტორიის ნაციონალისტთა ბანდებისგან გათავისუფლების შემდეგ რუსეთი კვლავ ერთიანი გახდებაო"; "განვაგრძობთ ლაშქრობას ჩვენი სამშობლოს საზღვრების აღსადგენად, რომლებიც, როგორც ცნობილია, არსად მთავრდებაო".

ხოლო მთელი ამ გამაოგნებელი აღსარების შემდეგ იგი ასრულებდა თავის ოპუსს “მშვიდობისმოყვრულ-ოპტიმისტური” პროგნოზით: "ყველა ხალხი, რომელიც თავის დროზე დიად და უძლეველ საბჭოთა კავშირში სახლობდა, კვლავ ერთად დაიწყებს სიამტკბილობაში ცხოვრებასო"...

აი, ასეთი “შესანიშნავი” დასაბუთება გამოუვიდა “ერთიანი რუსული მომავლისთვის” სუვერენული ქვეყნებისა და ხალხების იძულების. კითხვები გაქვთ? - არაუშავს, მთავარია, პუტინი იყოს კმაყოფილი!

თუმცა ვშიშობ, სწორედ ამ საკითხში ააცილა მედვედევმა მიზანს. დიახ, პუბლიკაცია 10 წუთში წაშალეს, მაგრამ მისმა სქრინშოთებმა მყისიერად მოიარა სოცქსელები და დღის თემად იქცა თავად რუსეთშიც, ყაზახეთშიც, საქართველოშიც, სოხუმშიც და ლამის დასავლეთშიც. როგორც ჩანს, ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ ეს “შედევრი” ნამდილად “კრემლის რუპორ” მედვედევს ეკუთვნოდა და არა რომელიმე ჰაკერსა თუ უცხოპლანეტელს, რომელმაც სასწაულებრივად შეაღწია შიდა რუსულ, ФСБ-ს მიერ კონტროლირებად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ვაჟის კუთვნილ ქსელში.

მაინც რატომ უნდა დარჩენილიყო პუტინი უკმაყოფილო? მედვედევის ოპუსი ხომ სრულად შეესაბამებოდა მისი რეჟიმის სულისკვეთებას: თითქმის ემთხვეოდა იმას, რასაც “კრემლის რუხი კარდინალი” ვლადისლავ სურკოვი თებერვლის შუა რიცხვებში არანაკლებ იმპერიალისტური, თუმცა ნაკლებად ხისტი ფორმით წერდა, ხოლო შემდეგ, უკრაინაში შეჭრამდე ორგზის მოვისმინეთ თავად პუტინისგან. გახსოვთ? - ის ხომ უკრაინასაც “ხელოვნურ სახელმწიფოს” უწოდებდა, რომელსაც “არსებობის საფუძველი და უფლება არ აქვს”, ხოლო საკუთარ თავს – “რუსული მიწების შემგროვებელი პეტრე პირველის საქმის გამგრძელებელსა” და “დიადი იმპერიის აღმზევებელს”.

მაგრამ “იმპერატორმა” კვლავ მიტყიპა თავისი მატრაბაზი – აიძულა, ჯერ პოსტი წაეშალა, ხოლო ორიოდ დღეში, საქართველოში შემოჭრის მე-14 წლისთავზე მიეცა ინტერვიუ, ამჯერად სრულიად საპირისპირო ეთქვა და კრინტი აღარ დაეძრა კრემლის შემდგომ იმპერიალისტურ ზრახვებზე. მედვედევიც, როგორც სჩვევია, დაემორჩილა. და აი, 8 აგვისტოს “ТАСС”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში იგი აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთს” კვლავ “დამოუკიდებელ სახელმწიფოებად” მოიხსენიებდა, აღარც საქართველოს უწოდებდა “არარსებულ სახელმწიფოს”.

ხოლო იმისთვის, რომ “იმპერატორს” ბრაზის სწრაფად გასვლაში დაჰხმარებოდა, აფხაზებსა და ქართველებს კი - 4 აგვისტოს ფალსტარტით გაშიფრული იმპერიალისტური გეგმების დავიწყებაში, მედვედევმა მიმართა მრავალგზის აპრობირებულ ხერხს – ისრების “მტერზე” გადატანას, “მეტი დამაჯერებლობისთვის” კი მაქსიმალურად ვულგარული ფორმით სცადა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დამცირება.

აქ პატივი უნდა მივაგო დიმიტრი ანატოლის ძის მონდომებას – ნამდვილად გულიანად გაისარჯა: «სისხლიანი ბეცი», «შლეგი ფრიკი», «მუყაოს ცრუპენტელა” – დამეთანხმებით, მსგავსს ხშირად ნამდვილად ვერ მოისმენ პოლიტიკოსებისგან და მით უფრო სახელმწიფოების ყოფილი მეთაურებისგან. აი, სისხლიანი ბეცებისთვის, შლეგი ფრიკებისა და მუყაოს მატყუარებისთვის კი ეს ლექსიკა ზედგამოჭრილია.

მებრალება მედვედევი, მართლაც საბრალობელი სანახაობაა. წმინდა ადამიანური თვალსაზრისით, ვიმედოვნებ კიდეც, რომ პუტინი, რომელსაც სააკაშვილი, როგორც ჩანს, 14 წლის შემდეგაც, ციხეში მყოფიც კი არ ასვენებს, დიმიტრი ანატოლის ძეს ამ “გმირობას” სათანადოდ დაუფასებს.

მაგრამ აფხაზების, ქართველებისა და ყაზახების მეხსიერებიდან კრემლის იმ იმპერიალისტური გეგმის ამოშლა, რომელიც არა მარტო მედვედევმა, არამედ უკვე თავად პუტინმაც, სურკოვმაც და რუსეთის არაერთმა სხვა წარმომადგენელმაც გააჟღერა, “იმპერატორს” ნამდვილად გაუჭირდება. შესაძლოა, მოაერხოს “შეთანხმება” რომელიმე ცალკეულ რეჟიმთან, მაგრამ ხალხების დაყოლიება გაცილებით რთული იქნება.

აქ ძალაუნებურად მახსენდება XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკოსის – სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ-ჩერჩილის ცნობილი ფრაზა. სტატიასაც სწორედ მისით დავასრულებ: “ბრძოლაში დამარცხებული ერები აღდგებიან, დანებებულნი კი ქრებიან”.

ეკა ცანავა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები