"რუსეთის აგრესიის საფრთხე საქართველოში კვლავ რჩება"
09/08/2022 08:44:15 პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთ-საქართველოს ომის 14–ე წლისთავს ეხმიანება და ამბობს, რომ 2008 წლის ომი ჯერ კიდევ არ გამხდარა ისტორია.
"ამ დღეებში ხალხი იხსენებს 2008 წლის რუსეთის ომს საქართველოს წინააღმდეგ. ბევრს საუბრობენ ამ ომის წინაპირობებზე, მის შედეგებზე. იმის შესახებ, თუ როგორ გაზარდა რუსეთის ხელმძღვანელობის გამბედაობა იმ წელს უკრაინისა და საქართველოს ნატო–ში წევრობის სამოქმედო გეგმის მიწოდებაზე უარის თქმამ. მაგრამ მაინც, იმდროინდელი ომი ჯერ კიდევ არ გამხდარა ისტორია, მთლიანად არ გადასულა წარსულში. ამიტომ, იმაზე მეტი საუბარია საჭირო, რაც შეიძლება, გაკეთდეს, ვიდრე იმაზე რაც მოხდა", - აცხადებს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ იმდროინდელი გამოწვევები დღესაც აქტუალურია და ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის შემდგომი აგრესიის საფრთხე კავკასიის ამ ნაწილში ჯერ კიდევ არსებობს.
მისი თქმით, მხოლოდ ახლა დაიწყო მსოფლიომ იმის გაცნობიერება, რომ რეალური, ეფექტური ინსტრუმენტებია საჭირო ასეთი აგრესიების აღსაკვეთად და ნებისმიერი აგრესორი პასუხისგებაში მისაცემად.
"2008, 2014, 2022 – ამ წლებში დაწყებულ ომებს განსხვავებული მასშტაბები და ხასიათი აქვს, მაგრამ მომხდარს ერთი აზრი აქვს: რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების მექანიზმებმა არ იმუშავა...
რუსეთის ამ ომის შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ, არც მბჟუტავი და არც გაყინული კონფლიქტი არ უნდა დარჩეს. ეს მნიშვნელოვანი დასკვნაა. უკრაინამ უნდა დაიბრუნოს ყველაფერი, რაც რუსეთმა დროებით წაართვა და აგრესორი სახელმწიფო დაისაჯოს აგრესიის დანაშაულისთვის. და ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამართლიანობისთვის", - აღნიშნავს ზელენსკი.
მისი თქმით, უკრაინელები საკუთარი სახელმწიფოს დაცვით იცავენ ყველას, ვისაც უკვე დაემუქრა ან შეიძლება დაემუქროს რუსეთი.


