ოხანაშვილი – პოდოლიაკზე: "არ არის საინტერესო მტრულად განწყობილი ადამიანების პოზიციები"
09/08/2022 09:03:41 პოლიტიკა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკს საქართველოსადმი მტრულად განწყობილს უწოდებს და აცხადებს, რომ მისთვის პოდოლილიაკის აზრი საინტერესო არაა.
„ის ხალხი, ვინც ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესების, ქვეყნის სუვერენიტეტის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, ვერ იქნება განხილული ჩვენი მხრიდან, როგორც ჩვენთვის სასურველი პირები. ეს ადამიანები აკეთებენ ჩვენი ქვეყნისადმი მტრულ განცხადებებს და ჩვენი ქვეყნის ინტერესები მათთვის არაფერს ნიშნავს. ჩემი აზრით, ასეთი განცხადებები მხოლოდ ამ კომენტარით უნდა შემოიფარგლოს,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.
კითხვაზე, რამდენად არის მოსალოდნელი, რომ უკრაინულმა მხარემ წარმოადგინოს მტკიცებულება, რითაც დადასტურდება, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, ოხანაშვილი აცხადებს, რომ შეკითხვას უკვე უპასუხა და მისი პასუხი ჟურნალისტებს შეუძლიათ მიიღონ პასუხად ან არ მიიღონ.
„მე გიპასუხეთ, თქვენ პასუხი არ გაინტერესებთ, პარტიული ტელევიზიები არ ხართ ორიენტირებული პასუხების მოსმენაზე“, - განაცხადა ოხანაშვილმა. მედიის წარმომადგენლის საპასუხო რეპლიკაზე, რომ ჟურნალისტებს აქვთ დამატებითი კითხვები და აქვთ უფლება ეს კითხვები დასვან, ოხანაშვილმა ჟურნალისტს მიმართა: „ხმას ნუ უწევთ, ტონი გაასწორეთ. ჩემგან პასუხი მოისმინეთ, თქვენ პასუხის მოსმენის ინტერესი არ გაქვთ, წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი გაქვთ. ფორმალურად სვამთ შეკითხვას და პასუხის მოსმენის და მიღების ინტერესი არ გაქვთ,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ამეიკის ხმასთან“ ინტერვიუში საქართველოზეც საუბრობს და ამბობს, რომ საქართველომ გააზრებული არჩევანი უნდა გააკეთოს თუ რა არის ისტორიულ პერსპექტივაში მისთვის მნიშვნელოვანი.
პოდოლიაკის თქმით, თუ საჭირო იქნება, უკრაინული მხარე საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით სრული სახით წარადგენს სამხილებს იმის შესახებ, რომ საქართველო მოსკოვთან თანამშრომლობს.
„დამიჯერეთ, ისევე, როგორც ევროპასა და ამერიკაში, ისევე ჩვენ ყველას ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რას აკეთებენ ესა თუ ის კერძო ბიზნესები თუ კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა იურისდიქციაში მოქმედებენ. ჩვენ ყველაფერს ამას ვსწავლობთ და საჭირო თუ იქნება იურიდიულ სამხილებს წარვადგენთ. ხვდებით, რომ არცერთ პირს, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო სანქციებს აწესებს, არ მისცემენ საშუალებას, ამაზე ფული გააკეთოს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.


