Accentnews.ge
"შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად, რომელზეც მომავალი თაობები გაიზრდებიან"

"შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად, რომელზეც მომავალი თაობები გაიზრდებიან"

10/08/2022 21:26:57 პოლიტიკა

:შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად, რომელზეც მომავალი თაობები გაიზრდებიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს სრულიად საქართველო კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს ბრძოლაში გმირულად დაცემული 17 ქართველი მეომრის ნათელ ხსოვნას.

„14 წელი შესრულდა აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და გამორჩეული გმირობის ისტორიიდან – შინდისის ბრძოლიდან.

დღეს სრულიად საქართველო კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს ბრძოლაში გმირულად დაცემული 17 ქართველი მეომრის ნათელ ხსოვნას.

სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მათი თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად, რომელზეც მომავალი თაობები გაიზრდებიან”, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა და ერთ-ერთი გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია აგვისტოს ომის ქრონიკაში.

რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

სადღეისოდ საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ "დამოუკიდებლობა" აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად რჩება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S