მელია: "უსამშობლო ივანიშვილი პუტინის რეჟიმს უმტკიცებს ერთგულებას"
11/08/2022 18:22:26 პოლიტიკა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ბრიფინგით გამოეხმაურა "ქართული ოცნებიდან" "სიმართლის სათქმელად" წასული დეპუტატების მორიგ ანტიდასავლურ განცხადებას, რომელშიც ისინი კვლავ ამერიკიის შეერთებულ შტატებს და საქართველოში აშშ–ის საელჩოს აკრიტიკებდენ. პარლამენტარები ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ, თითქოს შეერთებული შტატები საქართველოში "მეორე ფრონტის" გახნით არის დაინტერესებული, ამასთან, ცდილობს, ხელისუფლების ცვლილებას რევოლუციის გზით და მხარს უჭერს ქვეყნისთვის "საშიშ ძალებს".
ნიკა მელიამ ბრიფინგზე თქვა, რომ "ოცნებიდან წასული" დეპუტატების წერილი რეალურად ბიძინა ივანიშვილის შეუნიღბავი ანტიამერიკული, ანტიდასავლური და საქართველოს ეროვნული ინტერესების ღიად ღალატის მანიფესტია და რომ მისი მიზანი პუტინის რეჟიმისთვის ერთგულების დამტკიცებაა.
"უსამშობლო, რუსი ოლიგარქი [ივანიშვილი] და მისი პარტია რუსული ოცნება, ამ ბოდვით ცდილობს ორი კურდღლის დაჭერას:
ერთი მხრივ, საკუთარ რადიკალურ ელექტორატში თავს იწონებს, თურმე როგორ ებრძოდა ამერიკის შეერთებული შტატები ბიძინა ივანიშვილს და ძვრაც ვერ უყო. ანუ ცდილობენ საკუთარი უძლეველობის მითის განმტკიცებას საზოგადოებაში.
მეორე მხრივ, კი სტრატეგიულ პარტნიორთან შედიან იმგვარ დაპირისპირების სპირალში, რაც მათი ღრმა რწმენით, ჩვენს მეგობრებს ხელს ააღებინებს საქართველოს მხარდაჭერაზე და გადავიქცევით რუსეთის ჩამორჩენილ გუბერნიად", - თქვა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები კარგად მიჯნავს ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეებს მათი ხელისუფლებისგან და დღეს ამერიკაში უკვე კარგად იციან "ივანიშვილის ცუდი ზნის" შესახებ.
მელიას შეფასებით, ივანიშვილი დღეს შენიღბულად აღარ მოქმედებს და ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს.
"ივანიშვილის მმართველობა და დასავლეთისკენ სწრაფვა სრულიად შეუთავსებელია. ივანიშვილი საქართველოს უკეტავს ევროპის კარს" - თქვა ნიკა მელიამ.
დღეს გავრცელებულ წერილში "ოცნებიდან წასული" დეპუტატები წერდნენ, რომ ამერიკის საელჩო საქართველოში გასული სამი წლის განმავლობაში ინტენსიურად ცდილობდა ხელისუფლების შეცვლას "ისეთი ადამიანების მოსაყვანად, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას მარტივად მოაწერდნენ ხელს."
მმართველი პარტიის "სიმართლის თქმის" მოტივით დატოვება "ქართული ოცნების" წევრების ნაწილმა 28 ივნისს დაიწყო. პირველები საქართველოს პარლამენტის წევრები დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი იყვნენ. მათ 29 ივნისს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ "არიან დიდი ძალები", რომლებსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია სურთ. პარტიიდან წასვლის მიზეზად და მიზნად ამ დეპუტატებმა "საზოგადოების სიმართლით აღჭურვა" დაასახელეს.
უფრო ადრე, 14 ივნისს, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ყოფილი თუ მოქმედი დასავლელი მაღალჩინოსნების განცხადებები, შესაძლოა, მოსახლეობას უქმნიდეს განცდას, რომ აშშ-ის საქართველოს ომში ჩართვა სურს. დეპუტატმა დაასახელა კონკრეტული გვარებიც და თქვა, რომ მართალია, ისინი არ არიან აშშ-ის მოქმედი პოლიტიკოსები, თუმცა საზოგადოებრივი აზრის შექმნა შეუძლიათ.


