"გოგაშვილის ქცევა დადებითია და ოჯახთან შეხვედრა წახალისების სახით იყო"
12/08/2022 11:57:49 პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ოჯახს მისივე მოთხოვნის საფუძველზე "კანონის სრული" დაცვით შეხვდა.
ჟურნალისტებმა მინისტრს უთხრეს, რომ გოგაშვილს კანონით არ ჰქონდა ოჯახის წევრებთან შეხვედრის უფლება, ბრეგაძემ კი განაცხადა, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ქცევა იყო "დადებითი" და შეხვედრას ჰქონდა "წამახალისებელი" ხასიათი.
"ბატონო გოგაშვილი დიდ მადლიერებას გამოხატავდა პენიტენციურის თანამშრომლების მიმართ, მისი ქცევაც იყო დადებითი და გარკვეული წახალისების ღონისძიების სახით იყო... ის შეხვედრა ჩატარდა მისი მოთხოვნით და მათ შორის მისი ყოფაქცევაც არის ძალიან დადებითი. ერთგვარი წახალისების ღონისძიების სახით იყო ეს შეხვედრა",- აცხადებს ბრეგაძე.
11 აგვისტოს ადვოკატებმა განაცხადეს, რომ გოგაშვილს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ციხეში ორჯერ დაურეკა და მას და მის ოჯახს გაჩუმება მოსთხოვა. უფლებადამცველების თქმით, ამ მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში გოგაშვილი ოჯახის წევრებს შეახვედრეს.
სოსო გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში, სამი ბრალდებით დააკავეს. გამოძიება მას პერსონალური მონაცემების ხელყოფას, უფლებამოსილების გადამეტებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. გოგაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.


