Accentnews.ge
„შტაინმაიერის ფორმულა“: თბილისის და სოხუმის ხედვები

„შტაინმაიერის ფორმულა“: თბილისის და სოხუმის ხედვები

09/10/2019 09:27:11 კონფლიქტები, თვალსაზრისი, ანალიზი

გერმანიის საგარეო საქმეთა ექს–მინისტრ ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი დასრულებულია. 63 წლის გერმანელი სახელმწიფო მოღვაწის საქართველოში ჩამოსვლა, დიდი ალბათობით,  არ მიიქცევდა ესოდენ დიდ ყურადღებას, ეს ვიზიტი რომ მის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული „ფორმულის“ ირგვლივ შექმნილი ვნებათაღელვის ფონზე არ გამართულიყო. საქართველოში ჩამოსულ საგარეო საქმეთა გერმანელ ექს–მინისტრს არაერთგზის სთხოვეს, „უკრაინის ფონზე საქართველოც არ დაივიწყოს“. თავად შტაინმაიერმა, რომელმაც 2008 წლის ომის დაწყებამდე 3 კვირით ადრე საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში თბილისსა და სოხუმს კონფლიქტების მოგვარების „ფორმულა“  შესთავაზა, ამჟამინდელი ვიზიტის დროს თბილისში რაიმე ახალი ინიციატივების ჩამოტანა კატეგორიულად უარყო, თუმცა მოვლენებისა და განცხადებების იმ წყების ფონზე, რომლებიც მის ვიზიტს წინ უსწრებდა და ვიზიტის დროსაც გაკეთდა, ეჭვები სრულად მაინც ვერ გაფანტა. ამ დღეებში თბილისში ბევრი იხსენებდა შტაინმაიერის მიერ 2008 წელს ჩამოტანილ „ფორმულას“, რომელიც წარუმატებელი პროექტი აღმოჩნდა, ვინაიდან ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა იგი არ მიიღეს. მიუხედავად 2008 წლის „ფორმულის“ ჩავარდნისა, დღეს თბილისსა და სოხუმში იმ პროექტის შეფასებები განსხვავებულია. 

ცნობისთვის: შტაინმაიერის 2008 წლის „ფორმულა“ წარმოადგენდა სამეტაპიან გეგმას. რომელზეც თავის დროზე საქართველოს საკითხებზე გაერო-ს გენმდივნის მეგობართა ჯგუფმა (აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და რუსეთი) იმუშავა, შტაინმაიერს კი დაეკისრა მისია, ეს გეგმა კონფლიქტის მხარეებისთვის გაეცნო. გეგმის პირველი ეტაპი ითვალისწინებდა ერთ წელიწადს „ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ნდობის აღსადგენად“, ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების გაფორმებას და აფხაზეთში ქართველი დევნილების დაბრუნების პროცესის დაწყებას; მეორე ეტაპი – გერმანიის მთავრობის მიერ დონორი ქვეყნებისგან მობილიზებული სახსრებით აღდგენითი სამუშაოების დაწყებას; მესამე – აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრას.

სოხუმმა მაშინ ეს "ფორმულა" არ მიიღო. როგორც იმჟამინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, „აფხაზურმა მხარემ შესთავაზა შტაინმაიერს, გაკეთდეს უფრო მოკლე გეგმა, მხოლოდ ორი პუნქტით – 1) კოდორის ხეობის ზედა ნაწილიდან ქართული ჯარების გაყვანა და 2) საბრძოლო მოქმედებების არგანახლებისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, უკვე ამის შემდეგ კი შესაძლებელია საუბარი  მოლაპარაკებათა პროცესის დაწყებაზე“. აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე დევნილების დაბრუნება, რასაც ქართული მხარე მოითხოვდა, ბაღაფშის თქმით, ახალ ომს გამოიწვევდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომელთან შესახვედრადაც სოხუმიდან შტაინმაიერი გაფრინდა, აფხაზური მხარის პოზიციას დაუჭირა მხარი.

შტაინმაიერმა გეგმა 2008 წლის ივლისში წარმოადგინა, 3 კვირაში რუსეთ–საქართველოს ომი დაიწყო, დაახლოებით 6 კვირაში კი კრემლმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად სცნო.

მიუხედავად ამისა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხთა ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი თვლის, რომ „რომ არა ომი, „ფორმულა“ იმუშავებდა“.  მისი შეფასებით, ეს გეგმა, რომელიც წლობით მუშავდებოდა, უბრალოდ არახელსაყრელ დროს იქნა წარდგენილი:

„ომი რომ არ ყოფილიყო, ეს გეგმა ნახევარი წლის შემდეგ იმუშავებდა. ეს დრო მოხმარდებოდა მხარეთა შეხვედრებს, დეტალების დამუშავებას და მხარეები შეძლებდნენ, ეთქვათ, რომ ისინი შეთანხმდნენ. 6 თვეში შესაძლოა, დაწყებულიყო ამ ეტაპების იმპლემენტაცია, მაგრამ ომმა ეს ინიციატივაც დაასამარა და სხვებიც, მათ შორის – სამშვიდობო ინიციატივების მიღწევებიც, თუ ასეთები არსებობდა“.

თუმცა ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც 2008 წელს ე.წ. შტაინმაიერის ფორმულა არ მიიღეს, ზაქარეიშვილის შეფასებებს არ იზიარებენ.

„შტაინმაიერის იმჟამინდელი გეგმის იმპლემენტაციაზე საუბრისას ქართველი კონფლიქტოლოგი ღრუბლებში დაფრინავს. ამაზე მეტყველებს „ეხო კავკაზას“ მასალაში მოყვანილი მისი ფრაზა „მაგრამ სერგეი ბაღაფშს გეგმა არ მოეწონაო“ – თითქოს საქმე მხოლოდ აფხაზეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის პირად პოზიციაში იყოს. რეალურად, ნებისმიერ მმართველს, რომელიც მსგავს გეგმას ხელს მოაწერდა, ხალხი 1 საათში გადათელავდა. რაც შეეხება ქართულ მხარეს, იქ შატაინმაიერის გეგმა მთლიანობაში მოიწონეს, განსაკუთრებით – ის ფაქტი, რომ აფხაზეთის სტატუსის განხილვა ბოლო ეტაპზე უნდა დაწყებულიყო, როცა ქართველი დევნილები აფხაზეთის ტერიტორიაზე უკვე დაბრუნებულები იქნებოდნენ. ამდენად, დიდი ტვინი არ უნდა იმის მიხვედრას, რომ არსობრივად, ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ქართული გეგმა იყო, უბრალოდ დროში გაწელილი. საბოლოო ჯამში, გაჟღერდა ის, რაც იმთავითვე იყო ცხადი: კომპრომისის მიღწევა შეუძლებელი იყო და შტაინმაიერი, რომლის მისია, შეიძლება, ითქვას, ვერგანხორციელებადი იყო, ფაქტობრივად ვითარების ტყვედ იქცა“, – წერს ამასთან დაკავშირებით აფხაზი მიმომხილველი ვიტალი შარია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S