საია სენაკში შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს

14-08-2022 21:52:39

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) აცხადებს, რომ სენაკის ოლქში შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უნდა ჩაინიშნოს არა შუალედური არჩევნები ცალკეულ ოლქში, არამედ მთლიანი საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები.

საია აცხადებს, რომ ორგანიზაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და გაასაჩივრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 12 აგვისტოს განკარგულება, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციამ სენაკის მუნიციპალიტეტის 64.04 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები დანიშნა, და მოითხოვა მისი ბათილობა:

„საია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის შემდეგ აქტიურად აკვირდებოდა საკრებულოებში განვითარებულ მოვლენებს და მიიჩნევს, რომ სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა კანონს არ შეესაბამება. ეს საკრებულო უკვე 6 თვეზე მეტია არ შეკრებილა, რაც მისი უფლებამისილების შეწყვეტისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის უპირობო საფუძველია. სასამართლო სხდომა 2022 წლის 15 აგვისტოს, 16:00-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩაინიშნა".

2022 წლის პირველ ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩაინიშა. არჩევნების ჩატარება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით სამ საარჩევნო უბანზეა დაგეგმილი. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღო. შუალედური არჩევნები სენაკის საკრებულოს წევრის ასარჩევად ტარდება. ცესკოს ცნობით, ვახტანგ წურწუმიას, რომელიც სენაკის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო, უფლებამოსილება ვადამდე, 31 მაისს შეუწყდა. თავად „ნაციონალური მოძრაობა“ წურწუმიას მიერ მანდატის დატოვებას, მმართველი პარტიის მხრიდან დეპუტატზე ზეწოლას უკავშირებდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები