15-08-2022 17:21:53 კონფლიქტები
ორიოდ კვირის წინ ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს სერბეთთან საზღვრიდან მოსულმა შემაშფოთებელმა სიახლეებმა მსოფლიოს გაახსენა 20-ზე მეტი წლის წინანდელი მოვლენები, - ის, რამაც საფუძველი ჩაუყარა რუსეთსა და ნატო-ს შორის უთანხმოებასა და “კოსოვოს პრეცედენტის” შესახებ კრემლის თეზისს, რომელსაც რუსეთი აგერ უკვე 22 წელია, როგორც ანტიდასავლური პროპაგანდისთვის, ისე მეზობლებისადმი აგრესიისთვის იყენებს. მაგრამ მოდით, გავერკვეთ, რეალურად არსებობს კი საფუძველი “კოსოვოს პრეცედენტზე” საუბრისთვის და მით უფრო მისით მოსკოვის მრავალწლიანი დანაშაულებრივი ქმედებების გამართლებისთვის?
კონფლიქტი. კოსოვოს ომის ყველაზე სისხლისმღვრელი ეტაპი 1998 წელს დაიწყო. სამოქალაქო პირთა წინააღმდეგ დანაშაულებს როგორც სერბები, ისე კოსოვოელი ალბანელები სჩადიოდნენ, თუმცა ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, ალბანელებს შორის მსხვერპლი შეუდარებლად დიდია. უცხოელი შუამავლების მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებებს შედეგი არ მოჰქონდა: ბელგრადის მთავრობა სლობოდან მილოშევიჩის თაოსნობით უარს ამბობდა კომპრომისულ ნაბიჯებზე. აშშ და დიდი ბრიტანეთი კოსოვოსთვის სრული პოლიტიკური ავტონომიის მინიჭების, მის ტერიტორიაზე ნატო-ს ჯარის განთავსებისა და კოსოვოს საბოლოო სტატუსის სამ წელიწადში, ხალხის ნების საფუძველზე დადგენის წინადადებით გამოდიოდნენ. მაგრამ იუგოსლავური მხარისთვის ეს ყველაფერი მიუღებელი იყო. მაშინ ნატო-ს ქვეყნებმა იუგოსლავიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს. ამასთან, იცოდნენ რა, რომ რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლობები ვეტოს უფლებას გამოიყენებდნენ, მათ გაერო-ს უშიშროების საბჭოსთვის თანხმობის მისაღებად არ მიუმართავთ.
“შემობრუნება ატლანტიკის თავზე”. 1999 წლის 24 მარტს რუსეთის პრემიერ-მინისტრი ევგენი პრიმაკოვი თვითმფრინავში იჯდა და აშშ-ში მიემართებოდა. როცა ლაინერი უკვე ატლანტიკის ოკეანეს თავზე იყო, მან ნატო-ს ძალების მიერ იუგოსლავიის წინააღმდეგ საჰაერო იერიშების განხორციელების შესახებ შეიტყო და პრეზიდენტ ელცინთან შეთანხმებით თვითმფრინავის უკან – მოსკოვისკენ შებრუნების ბრძანება გასცა.
იმ დღეს ვექტორი იცვალა რუსეთის საგარეო პოლიტიკურმა კურსმაც, რომელიც ცივილიზებულ მსოფლიოში ინტეგრაციიდან ისევ წარსულისკენ შეტრიალდა. შემდგომში ეს ეპიზოდი ისტორიაში “ატლანტიკის თავზე შემობრუნების” სახელით შევა და მნიშვნელოვანწილად იქცევა იმ გზის დასაწყისად, რომელიც დღევანდელ დღემდე – უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, რუსეთის იზოლაციამდე, ახალ “ცივ ომამდე” მიგვიყვანს.
მოსკოვის პასუხი. იუგოსლავიის მიმართ ნატო-ს სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ მოსკოვმაც ცალმხრივად მოქმედება გადაწყვიტა და დასავლური საჰაერო იერიშების დასრულების შემდეგ, ყველასთან შეუთანხმებლად, თავისი მშვიდობისმყოფელები ბოსნიიდან პრიშტინაში გადაისროლა. ამასთან, რუსეთმა უკომპრომისოდ ცალმხრივი პროსერბული პოზიცია დაიკავა.
აღიარება. 2008 წლის თებერვალში, მას შემდეგ, რაც კოსოვომ თითქმის 9 წელი გაერო-ს მართვის პირობებში გაატარა, მისმა პარლამენტმა ცალმხრივად, თუმცა დასავლეთის მხარდაჭერით სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ახალი სახელმწიფო მეორე დღესვე აღიარეს აშშ-მა, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, თურქეთმა და ალბანეთმა, 2008 წლის განმავლობაში – სულ 100-ზე მეტმა ქვეყანამ, ამ დროისთვის კი კოსოვოს გაერო-ს წევრი 193 ქვეყნიდან 98 აღიარებს.
“კოსოვოს პრეცედენტის” დაბადება. “ვაშინგტონისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ იუგოსლავიაში საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით” კრემლის აღშფოთება, ნაწილობრივ საფუძვლიანიც, შემდგომში საფუძვლად დაედო თეზისს “თუ მათთვის შეიძლება, ჩვენთვის რატომ არა?!”, საბოლოო ჯამში კი – მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესიას.
სწორედ იუგოსლავიაში მომხდარი ომი და კოსოვოს შემდგომი აღიარება იქცა მთავარ “გამამართლებელ” არგუმენტად ამ მოვლენებიდან მალევე საქართველოში რუსეთის შემოჭრისთვის, ხოლო რამდენიმე წელიწადში – უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის.
ორმაგი სტანდარტები და მითები. რუსეთი, რომელიც სერბეთისგან კოსოვოს გამოყოფის კატეგორიული წინააღმდეგია და თანმიდევრულად ემხრობა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სულ რამდენიმე თვეში საქართველოში შემოიჭრა, 5-დღიანი ომიდან მალევე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ამას სწორედ ”კოსოვოს პრეცედენტით” ამართლებდა... რა არის ეს, თუ არა თვალთმაქცობა? საკმარისია, რუსეთის ხელმძღვანელობის წარმომადენლების განცხადებებს გადავავლოთ თვალი:
შემდგოში რუსეთის ხელისუფლება ყოველთვის იმას აკეთებდა, რისი არგაკეთების პირობაც ჰქონდა დადებული. მაგალითად, უკრაინაში არშეჭრის პირობა დადო, მაგრამ შეიჭრა; პირობა დადო, რომ ტერიტორიების ანექსიას არ მოახდენდა, მაგრამ მოახდინა:
და როდესაც მთავარსარდლის საჯარო დაპირების მიუხედავად, ნახევარკუნძული “დედა-რუსეთს უბრუნდებოდა”, კრემლი ამას ისევ და ისევ “კოსოვოს პრეცედენტით” ამართლებდა.
ღირს კი იმის აღნიშნვა, რომ დონბასის სეპარატისტული რესპუბლიკების – “ДНР”-ისა და “ЛНР”-ის აღიარებას რუსეთის ლიდერი ასევე “კოსოვოს პრეცედენტით” აართლებდა?
თანაც, მან ეს გაერო-ს გენმდივან გუტერეშთან 2022 წლის 26 აპრილს გააკეთა, როცა მსოფლიომ უკვე იცოდა ბუჩას შესახებ. რუსეთის ოფიციალური პირები ხან კატეგორიულად უარყოფენ კიევის ოლქში ჩადენილ ჟლეტას, ხან “დადგმულ კადრებზე” გვესაუბრებიან და არ იმჩნევენ არაერთი ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაციის უამრავ მტკიცებულებას, ხანაც კოსოვოში სერბი მოსახლეობის ეთნოწმენდას შეგვახსენებენ. და ამ დროს სიტყვაც არ სცდებათ სერბული პოლიციისა და არმიის მიერ კოსოვოელი ალბანელების მასობრივი ჟლეტის შესახებ, რომლებიც იქ, სხვათა შორის, მოსახლეობის უმრავლესობას ქმნიდნენ. არც დიქტატორი მილოშევიჩის პირდაპირ ბრძანებას ახსენებენ, კონკრეტულად ალბანელები ამოეჟლიტათ! და ვერა, ვერ მოისმენთ მოსკოვის წარმომადგენლებისგან პასუხს კითხვაზე, როგორ შეიძლება, ადამიანების ხოცვა ერთ ქვეყანაში ამართლებდეს მათ ხოცვას მეორეში.
დიახ, უდავოდ, უმჯობესი იყო, ცივილიზებულ სახელმწიფოებს კოსოვოს კრიზისის მოსაგვარებლად სხვა გადაწყვეტილება ეპოვათ. მაგრამ შეუძლებელია იმის მტკიცებაც, რომ ნატო-ს ქმედებები “ვაშინგტონის მზაკვრული მანევრი იყო”: კოსოვოში მართლაც მოხდა გენოციდი და საერთაშორისო ჩარევა მართლაც მას მოჰყვა.
თუმცა რუსეთის ოფიციალური პირები ამ კუთხითაც ცდილობენ პარალელების გავლებას, ირწმუნებიან რა, რომ “კიევმა დონბასში გენოციდი მოაწყო”. არადა, გაერო-ს მონაცეებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე 8 წლის განმავლობაში დონბასში 3 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იქნა მოკლული, რომელთაგან 2 000 – საბრძოლო მოქმედებების დასაწყისში, 2014 წელს; 8 წლის განმავლობაში ეს რიცხვი სისტემატიურად მცირდებოდა და უკვე 2021 წელს რეგიონში 25 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათი უმრავლესობა – დარჩენილ ყუმბარებთან გაუფრთხილებელი მოპყრობის ან ნაღმზე აფეთქების შედეგად. ასე, რომ არა, ამას კოსოვოს ვერც შეადარებ! აი, რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყება კი ნამდვილად შეიძლება, რიტორიკით შევადაროთ სლობოდან მილოშევიჩს:
წინააღმდეგობები გაერო-ს დოკუმენტებში. დავა იმაზე, შეიძლება თუ არა, კოსოვო პრეცედენტად ჩაითვალოს, მნიშვნელოვანწილად უკავშირდება გაერო-ს წესდებაში არსებულ ორ ურთიერთგამომრიცხავ პრინციპს - ერთა თავითგამორკვევის უფლებასა და სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობას. რუსეთი, სარგებლობს რა ამით, ხან ერთს იშველიებს, ხან მეორეს – ამწუთიერი საჭიროების მიხედვით:
გაერო-ელი დიპლომატები და იურისტები იმეორებენ: ერთა თვითგამორკვევის უფლება ავტომატურად ტერიტორიის გამოყოფის თავისუფლებას არ გულისხობს, - სწორედ ამიტომ მდგომარეობს გაერთიანებულ ერთა ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში.
დასავლეთში იმეორებენ: ყოფილი იუგოსლავიის მოვლენები უნიკალურია და კოსოვო ვერ იქნება პრეცედენტი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა კონფლიქტი, - ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა განიხილებოდეს როგორც პირველი და უკანასკნელი.
ზუსტად ასევეა თვითგამორკვევის უფლების კუთხით: იგი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული კონტექსტზე და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს. მაგალითად, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს მთელი ცივილიზებული მსოფლიო საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს თუნდაც იმიტომ, რომ ამ რეგიონების თვითგამორკვევაზე საუბარი იქიდან განდევნილი ასიათასობით ქართველის გარეშე შეუძლებელია. მაშინ ჯერ ყველა მათგანი უნდა დააბრუნონ და ჩაატარონ რეფერენდუმი! რატომ არ მიდიან ამაზე არც ოსი, არც აფხაზი და, რაც მთავარია, არც რუსი მმართველები? - იმიტომ, რომ მშვენივრად აცნობიერებენ, როგორი იქნება რეფერენდუმის შედეგები! ყირიმელებისა და დონბასელების თვითგამორკვევაზე საუბარი რუსული სამხედრო წარმოდგენილობის პირობებში ასევე შეუძლებელია, რადგან ეს სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება. რაც შეეხება კოსოვოს, იქ ალბანელები უმრავლესობას წარმოადგენდნენ და უკრაინის რუსულენოვანი რეგიონებისგან განსხვავებით, ისინი უბრალოდ ამოჟლიტეს. მაგრამ ამართლებდა კი ეს შემდგომ მოვლენებსა და გარე ძალების ჩარევას? - ამ კითხვაზე მსოფლიოს ცალსახა პასუხი ამ დრომდე არ აქვს.
მიუხედავად ამისა, რუსეთის დიქტატორი მმართველი აგრძელებს “კოსოვოს პრეცედენტის” გამოყენებას, კაზმავს რა მას ათასი ცრუ არგუმენტით, ფალსიფიკაციითა და მითით. რეალობა კი იმაში მდგომარეობს, რომ დიახ, ვაშინგტონისა და ნატო-ს მიერ ორი ათწლეულის წინ მიღებული გადაწყვეტილება მარტივი გასამართლებელი არაა, მაგრამ ეს წამითაც არ ამართლებს ყველა იმ დანაშაულს, რომელსაც რუსეთი მომდევნო ოცზე მეტი წლის განმავლობაში სჩადიოდა და დღესაც სჩადის.
ეკა ცანავა
სტატიაში გამოყენებულია ტელეკომპანია "Дождь"-ის მასალები