„ოცნება“ კარგა ხანია, სამუშაო ჯგუფების არევის მიზეზს ეძებს"
18/08/2022 09:44:22 პოლიტიკა
პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტია კარგა ხანია სამუშაო ჯგუფების არევის „მიზეზს“ ეძებს.
მისი თქმით, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ არ უნდა იმ ინიციატივების განხორციელება, რაც 12 პუნქტის რეალურ შესრულებას და კანდიდატის სტატუსის მიღებას უზრუნველყოფს და „მიზეზებს“ ხელოვნურად ქმნის.
„ამ მიზნით, ჯერ ჯგუფებში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლების მონაწილეობის აკრძალვა დააანონსეს თითქოსდა საელჩოს მხრიდან სასამართლოს დამოუკიდებლობაში და ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევის მოტივით. ახლა მიზეზს ეძებენ ჯგუფებიდან მოიშორონ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა სათანადოდ წარმოდგენა "ოცნების" მხრიდან ამ დრომდე არ იყო უზრუნველყოფილი. პირველივე დღიდან ვითხოვდით სამუშაო ჯგუფებში არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების დროულ და სათანადო ჩართულობას. სხვაგვარად, პროცესი ვერ იქნება ინკლუზიური და ვერ შესრულდება 12 პუნქტის შესაბამისი პუნქტი ინკლუზიურობაზე. ეს უნდა ოცნებასაც", – აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე "სამართლიანი არჩევნები" (ISFED) არ მიიწვია.
ამის მიზეზად ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ ორგანიზაციის "არანეიტრალურობა" დაასახელა.
მისი თქმით, ISFED-მა ნეიტრალიტეტი დაკარგა, როცა პრემიერ–მინისტრის "პოსტიდან" ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვა.
მიქანაძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის კარი "ნებისმიერი ნეიტრალური ორგანიზაციისთვის" ღიაა, ამ ჯგუფის შეხვედრაზე ISFED-ს ჩართულობა კი მათთვის მიუღებელია.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ISFED-ს წინააღმდეგ ანგარიშსწორებას აპირებს.
ამ პროცესში მონაწილეობა ორ არასამთავრობო ორგანიზაციას -" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა" და "სამართლიან არჩევნებს" უნდა მიეღო. დღევანდელი შეხვედრა საია-ს თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.


