
"მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის"
18/08/2022 18:15:37 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით მომავალი, 2023 წელი იყოს საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის იმ მიზეზით, რომ 180 წელი სრულდება ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან. სალომე ზურაბიშვილი დიდი ჯიხაიშიდან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ნიკო ნიკოლაძე იყო ევროპული ღირებულებების და საქართველოს ევროპეიზაციის ერთგული დამცველი და ამავდროულად, მომავალ წელს წყდება საქართველოს ევროპული მომავლის ბედი.
„მინდა, მივმართო საზოგადოებას, მივმართო მთავრობას: ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას, პარლამენტს აქედან დიდი ჯიხაიშიდან, რამეთუ მომავალ წელს ჩვენ უნდა ვიზეიმოთ ნიკო ნიკოლაძის დაბადების 180 წელი. ეს საიუბილეო წელია და ამავე დროს ჩვენთვის, საქართველოსთვის მომავალი წელი გადამწყვეტი წელი იქნება ჩვენს ევროპულ გზაზე და ეს დამთხვევა ალბათ არ არის.
ნიკო ნიკოლაძე იყო ის, რომელიც ყველაზე მეტად ამზადებდა საქართველოს ევროპისთვის და რომელსაც შემოჰყავდა ევროპა საქართველოში. ამიტომ, ძალიან სწორი იქნება, რომ მომავალი წელი იყოს ერთობლივად ნიკოს და ევროპის წელი.
ამისთვის ალბათ უნდა გავმართოთ საერთაშორისო კონფერენცია, რამეთუ საჭიროა, რომ ნიკოლაძის საქმიანობის შესწავლასა და მის პოპულარიზაციაში ჩავრთოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები და ასევე, ქვეყანაში სტუდენტებთან, ადგილობრივ მმართველობასთან, ფოთში, დიდ ჯიხაიშში და არა მხოლოდ, შევისწავლოთ ის, თუ რა იყო ნიკო ნიკოლაძის ევროპის გზა.
ამავდროულად, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება მართლაც ეროვნული თანხმობის საქმე. ის ყველასია, ნიკო ნიკოლაძე არავის ეკუთვნის, არც მე და ეკუთვნის ქვეყანას, რომელსაც ემსახურებოდა და ეკუთვნის ამ ევროპულ იდეას.
ასე რომ, ყველა გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის!“, – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის მიმართვაში.