დეკანოიძე - ISFED-ზე: "ადასტურებს, რომ „ოცნება“ რეკომენდაციების უგულებელყოფას აგრძელებს"
19/08/2022 09:33:22 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე სამუშაო ჯგუფში „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) არდაშვება მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი რეკომენდაციების უგულებელყოფას აგრძელებს.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" ინტერესში არ არის რომელიმე რეკომენდაციის შესრულება.
„სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი რეკომენდაციების უგულებელყოფა გრძელდება. ამას ადასტურებს საპარლამენტო უმრაველსობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ყველა პროცესს ჩამოაცილონ საქართველოში საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“. ასევე სასამართლო სისტემაზე მომუშავე მნიშვნელოვანი ექსპერტთა ჯგუფი, მხედველობაში მყავს ნაზი ჯანეზაშვილის ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმაზე მუშაობდა“, – განაცხადა დეკანოიძემ.
ხატია დეკანოიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური კამპანია, ანტიამერიკული და ანტიევროპული გზავნილები და მიზანმიმართული თავდასხები აშშ-iსა, ევროკავშირის ელჩებზე, ასევე გავლენიან სამოქალაქო ინსტიტუტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე არის დასტური იმის, რომ მათ მიერ ჩაგდებული კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი გრძელდება.
„პროცესი უნდა ყოფილიყო ინკლუზიური და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით. და არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ რეკომენდაციების საფუძველზე შერჩეული ორგანიზაციებით. საქართველოში ოლიგარქიული სისტემის ჩამოცილება მმართველობიდან, კლეპტოკრატების მმართველობიდან განთავისუფლებას სჭირდება ფართო საარჩევნო რეფორმა, რომელიც სწორედ დემოკრატიის განმტკიცებისთვის სასიცოცხლო რეკომენდაციაა კანდიდატობისთვის. „ქართული ოცნების“ ინტერესი არ არის არც ერთი რეკომენდაციის შესრულება. ჩვენი პარტია და ფრაქცია აგრძელებს მუშაობას როგორც სამართლიან არჩევნებთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან ფართო, დემოკრატიული არჩევნებისთვის აუცილებელ საარჩევნო კონდექსისა და რეკომენდაციების შესასრულებლად აუცილებელი პაკეტის შესასრულებლად“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.


