"გოგაშვილი ოპერაციის დროს პანკისში არ ყოფილა, სპეცრაზმი მე მექვემდებარებოდა"
19/08/2022 10:40:26 პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი პანკისში, სპეცოპერაციის დროს არ იმყოფებოდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
" სოსო გოგაშვილი ოპერაციის დროს პანკისში არ ყოფილა. ასევე, რატომღაც სპეცრაზმზე გაამახვილა ყურადღება. სპეცდანიშნულების რაზმი მექვემდებარებოდა პირადად მე და მას ვერავინ მისცემდა ბრძანებას. არ გაცემულა ის ბრძანება, რომ ვთქვათ ლიკვიდაცია მოეხდინათ ვინმესი. ამ შემთხვევაში მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია მოხდა, ძალიან სამწუხაროა, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს. ძალიან მძიმე იყო პირველ რიგში ოჯახისთვის და ყველა ჩვენგანისთვის. ასეთი ბრძანება არ გაცემულა. სპეცდანიშნულების რაზმს ვხელმძღვანელობდი მე, ჩემი საკურატორო იყო, მაგრამ მას ჰყავდა თავისი მეთაური, რა თქმა უნდა“,- აცხადებს გომელაური.
რამდენიმე დღის წინ სუს–ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სოსო გოგაშვილმა გაავრცელა წერილი, რომელშიც ამბობდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მის წინააღმდეგ “აგორებული ბინძური ცილისმწამებლური კამპანიის” გაჩერება გომელაურს შეეძლო.
“სხვის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ, მაგალითად მინდა გავიხსენო, მაჩალიკაშვილის საქმე, როდესაც ჩემს წინააღმდეგ აგორებული, ბინძური ცილისმწამებლური კამპანია შეგეძლო გაგეჩერებინა ერთი შენი განცხადებით, მაგალითად: შავნაბადას სპეცრაზმი არ ექვემდებარება გოგაშვილს და მათზე ის ვერ გასცემდა ბრძანებას, ეს არის ჩემს დაქვემდებარებაში”, – წერდა გოგაშვილი წერილში.


