საქართველო-სომხეთის საზღვართან ახალი ხიდი "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით აშენდა
19/08/2022 11:36:22 პოლიტიკა
საქართველო-სომხეთის საზღვართან ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა, რომელიც "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით ააშენდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინიტრაცია ავრცელებს.
ხიდის მშენებლობისათვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ორ ქვეყანას, ჯამში 7.4 მილიონ ევრომდე გამოუყო.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე მდებარე ახალი საავტომობილო ხიდი ოფიციალური გახსნის ცერემონიალის შემდეგ დაათვალიერეს. საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე, მდინარე დებედაზე, ახალი, ე.წ. მეგობრობის ხიდი საქართველომ და სომხეთის რესპუბლიკამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით, ერთობლივად ააშენეს.
ერთობლივი ხიდი რეგიონში უნიკალური ტრანსსასაზღვრო პროექტია, რადგან მისი ერთი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო მეორე ნაწილი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს. ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და პარამეტრების ხიდის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების ხარისხი როგორც ორი ქვეყნის მოქალაქეებისა და სტუმრებისათვის, ისე სატრანზიტო ავტოტრანსპორტისთვის. ძველ ხიდთან შედარებით, ორმაგდება ახალი ხიდის გამტარობა, რაც ეფექტური სასაზღვრო და საბაჟო მომსახურების პირობებში, მნიშვნელოვნად გაზრდის ორ მეზობელ ქვეყანას შორის როგორც სატვირთო მიმოსვლას, ისე ტურისტების გადაადგილებას და ხელს შეუწყობს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას", – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინიტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



