Accentnews.ge
ქემოკლიძე:დარია დუგინას მკვლელობა ФСБ-ს ნამოქმედარს წააგავს

ქემოკლიძე:დარია დუგინას მკვლელობა ФСБ-ს ნამოქმედარს წააგავს

21/08/2022 12:34:15 პოლიტიკა

ანალიტიკოსის უსაფრთხოების საკითხებში, პარტია „საქართველოსთვის“ წევრის კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, კრემლის მთავარი იდეოლოგის, პუტინის კონსულტანტ ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის დარია დუგინას აფეთქება ძალიან წააგავს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) მიერ განხორციელებულ ქმედებას.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"ორიოდე სიტყვა დარია დუგინას აფეთქებასთან დაკავშირებითეს აფეთქება ძალიან წააგავს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) მიერ განხორციელებულ ქმედებას, რომელიც მიზნად შეიძლება ისახავდეს შემდეგს:

1.რუსეთში საზოგადოებრივი აზრის კიდევ უფრო (ეტაპობრივი) რადიკალიზირება, ანტიუკრაინული განწყობების გაზრდა და საზოგადოების შემზადება შესაძლო საყოველთაო მობილიზაციისთვის (რაც ძალიან არ უნდათ ადგილობრივ რუსებს ჯერ-ჯერობით).

2. უკრაინაზე უახლოეს დღეებში მძიმე შეტევის ან სარაკეტო იერიშის (შესაძლოა კიევის სამთავროვო კვარტალზეც) განხორციელებას, რომელსაც სჭირდება ე.წ. საბაბი. ბოლო დღეებში კიევის მიერ ყირიმზე მიტანილი ღია იერიშების ფონზე ეს შესაძლოა იყოს კრემლის მიერ ტაქტიკურ დონეზე “სახის შენარჩუნების” ერთ-ერთი მცდელობა;

3. უახლოეს დღეებში აზოვსტალის მებრძოლების სახალხო “გასამართლება” და დემონსტრაციული დასჯა. საზოგადოების აზრის ფორმირება იმ რაკურსით, რომ დუგინას სიკვდილის გამო რუსები უკრაინელებს დიდ ფასს ახდევინებენ…

P.S. ალექსანდრე დუგინი და დარია დუგინა არ არის/იყო კრემლისთვის განსაკუთრებული ფასეულობის მქონე ოჯახი. მის იდეოლოგიურ გავლენაზე პრეზიდენტ პუტინის მოქმედებებზე და სტრატეგიულ ხედვებზე ექსპერტები და პროფესიული წრეები უფრო აჭარბებდნენ და მისტიფიცირებდნენ. თუმცა საგულისხმოა, რომ დუგინის იდეოლოგია “ნეოევრაზიანიზმზე” და “სტრატეგიულ კონსერვატიზმზე” კრემლის მიერ მკაფიოდ მხარდაჭერილი და წახალისებული იყო ყოველთვის" - წერს ქემოკლიძე.

ცნობისთვის: გამოცემა "BAZA"-ს ცნობით, დარია დუგინას კუთვნილი ჯიპი Land Cruiser Prado მოჟაისკის ტრასაზე გადაადგილებისას აფეთქდა. ინციდენტის დროს იგი მანქანაში იმყოფებოდა და ადგილზე დაიღუპა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წინასწარი ინფორმაციით, "დარია დუგინას მკვლელობა შეკვეთილი იყო, ბოროტმოქმედებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომანქანის ქვეშ, მძღოლის მხარეს დაამონტაჟეს".

მათივე ვარაუდით, "ეს მოხდა ავტოსადგომაზე, იმ დროს, როცა დარია და ალექსანდრე დუგინები "რუსსკი მირის" იდეისადმი მიძღვნილ მორიგ ახალგაზრდულ ფესტივალს ესწრებოდნენ".

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე დუგინი ღონისძიებაზე უკრაინაში რუსეთის ქმედებებისა და "დიადი ისტორიული რუსეთის აღდგენის" იდეის მხარდამჭერი მოხსენებით წარსდგა.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები დილიდან განცხადებებს აკეთებენ მომხდართან დაკავშირებით და დარია დუგინას მკვლელობაში უკრაინულ კვალზე მიანიშნებენ.

თავის მხრივ უკრაინულმა მხარემ ფაქტთან რაიმე სახით კავშირი უარყო.

"ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ უკრაინას მომხდართან არავითარი კავშირი არ აქვს. ჩვენ არ ვართ კრიმინალური სახელმწიფო, როგორსაც რუსეთი წარმოადგენს და მით უფრო ტერორისტული", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა

მისივე თქმით, რუსეთში "უკვე შიდა რღვევაა დაწყებული" და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები ქვეყნის მომდევნო ხელისუფლებაში ადგილებისთვის იბრძვიან. ამავდროულად, პოდოლიაკის აზრით, მსგავსი ინციდენტები კრემლს რუსეთის მოსახლეობაზე ზეწოლისთვის ესაჭიროება, რათა ანტიუკრაინული განწყობები პიკზე შეინარჩუნოს და ქვეყანაში წარუმატებლად მიმდინარე ფარული მობილიზაციისთვის მოტივი შექმნას..

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S