"შსს–ს თანამშრომლების მიერ სამსახურის დატოვების მოთხოვნით, ასეულობით პატაკი დევს, რომელსაც არ უკმაყოფილებენ"
22/08/2022 09:00:43 პოლიტიკა
ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ "შსს–ს თანამშრომლების მიერ სამსახურის დატოვების მოთხოვნით, ასეულობით პატაკი დევს, რომელსაც არ უკმაყოფილებენ".
„უსამშობლო ოლიგარქმა ისეთი რეჟიმი დაამყარა ამ ქვეყანაში, რომ აქ გაჩერება გაუსაძლისი გახდა იმ ასი ათასობით მოქალაქისთვისაც კი, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო. [...] სამართალდამცავი სტრუქტურებიდან კადრების გადინება რომ მასობრივია, ამას შსს-ს მიერ მხოლოდ აგვისტოში გამოცხადებული ვაკანსიაც ცხადყოფს -და მხოლოდ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში 145 ვაკანსიის დასაკავებლად შსს-მ კონკურსი გამოაცხადა. ასეთი მასშტაბური ვაკანსია ამ პოლიციას არ ახსოვს! უწყებაში სამსახურის დატოვების მოთხოვნით ასეულობით პატაკი დევს, რომელსაც არ უკმაყოფილებენ, მაგრამ ბევრი ისე გარბის, აღარც ეკითხებიან. გარბიან და მექსიკის გავლით ამერიკაში ჩასულები საუწყებლად რეკავენ, რომ წავიდნენ უწყებიდან. გარბიან იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება გასაჩერებელ ადგილს არ უტოვებს ამ ქვეყანაში პატრიოტ ადამიანებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპატრულო პოლიციაში 145 ვაკანსიის შესახებ განცხადება 17 აგვისტოს გაავრცელა:
„სამინისტრო ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი უწყებაა, სადაც 40 000-მდე ადამიანი მუშაობს. შესაბამისად, თანამშრომელთა წასვლა და ახალი თანამშრომლების მიღება ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. ასევე, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია ახალი კადრების მიღების მიზნით სამინისტროს ვებგვერდზე გამოცხადებული ვაკანსიები, შესაბამისი კონკურსების ღიად და გამჭვირვალედ წარმართვა. რაც შეეხება მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში თბილისსა და რეგიონებში 145 სხვადასხვა ვაკანსიის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსს, იგი განპირობებულია ყველა სასაზღვრო გამტარ პუნქტში მგზავრთა და ტრანსპორტის ნაკადის გაზრდით, ასევე, რეგიონებში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდით“.


