კალაძე – Credit Suisse-სთან ივანიშვილის დავაზე: "ეს რეკეტია, შეიძლება, უფრო მეტიც"
22/08/2022 10:07:51 პოლიტიკა
„რა თქმა უნდა, ეს რეკეტია, შეიძლება უფრო მეტიც“, – ასე ეხმიანება "მმართველი პარტია "ქართული ოცნების" გენმდივანი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მხრიდან შვეიცარიული ბანკის ქმედებების რეკეტად შეფასებას ეხებოდა.
დედაქალაქის მერის განცხადებით, "შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ს ქმედებები კანონს სცდება და ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს".
„რატომ აკეთებენ ამას? ადამიანს წლების განმავლობაში ეს თანხები ჰქონდა კონკრეტულ ბანკში და ჩვეულებრივად, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე, ახერხებდა ამ ფულის გადარიცხვას, გამოყენებას საჭიროებისამებრ. ერთ მშვენიერ დღეს, იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული თანხების გაჩერებასთან დაკავშირებით, სრულიად უკანონოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე, რაც აჩენს ძალიან დიდ კითხვებს“, – განაცხადა კალაძემ.
ბიძინა ივანიშვილმა 2022 წლის 4 მარტს თანხის მიღება მოითხოვა. ბანკის რწმუნებულმა მოთხოვნა 2022 წლის 4 აპრილს დააკმაყოფილა, რამაც მილიარდერს ფინანსური ზიანი მიაყენა. თანხის გადარიცხვის შეყოვნების მიზეზად "აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური გარემო" დასახელდა. 2022 წლის 5 ივლისს კი ივანიშვილმა "Credit Suisse"-სგან მიიღო წერილი, რომელშიც საუბარია, რომ სანქციების დაწესებაზე ევროპარლამენტის რეზოლუციის გამო ბანკი სასამართლოს თანხმობის გარეშე ტრანზაქციებს აღარ შეასრულებს.


