Accentnews.ge
დარია დუგინა უკანასკნელ გზაზე ნაცისტური ლოზუნგებით გააცილეს

დარია დუგინა უკანასკნელ გზაზე ნაცისტური ლოზუნგებით გააცილეს

23/08/2022 11:27:22 პოლიტიკა

მოსკოვის "ოსტანკინოს" ტელეცენტრში დღეს კრემლის ერთ-ერთი იდეოლოგის, "რუსსკი მირის" იდეის გამტარებელი ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის - დარიას პანაშვიდი გაიმართა. რუსული იმპერიალიზმის პროპაგანდისტი ჟურნალისტი უკანასკნელ გზაზე ნაცისტური ლოზუნგებით გააცილეს.

«პირველ სიტყვებად "რუსეთი", "ჩვენი დერჟავა", "ჩვენი ხალხი", "ჩვენი იმპერია" ვასწავლეთ. დარია რუსეთისთვის დაიღუპა. ყველაზე დიდი ფასი, რომლის გადახდა გვიწევს, მხოლოდ გამარჯვებით შეიძლება, გამართლდეს. დარია ცოცხლობდა გამარჯვებისთვის და დაიღუპა გამარჯვებისთვის - ჩვენი, რუსული გამარჯვებისთვის», – განაცხადა ქალიშვილის პანაშვიდზე ალექსანდრე დუგინმა.

«ერთი ქვეყანა, ერთი პრეზიდენტი, ერთი გამარჯვება, დაშას კი - ღვთის სასუფეველი» – ასე გამოემშვიდობა დარია დუგინას რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, უკრაინასთან მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის წევრი ლეონიდ სლუცკი.

მისი ეს ფრაზა ბევრს ენიშნა, რადგან ძალიან წააგავს ნაცისტურ ლოზუნგს «ერთი ხალხი, ერთი რეიხი, ერთი ფიურერი».

კიდევ ერთმა დეპუტატმა - "სამართლიანი რუსეთის" პარტიის ლიდერმა სერგეი მირონოვმა პირობა დადო, რომ დარია დუგინას აფეთქების განმახორციელებლები ტრიბუნალის წინაშე წარსდგებიან, ხოლო დამკვეთად უშუალოდ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაასახელა.

ცნობისთვის: 20 აგვისტოს დარია დუგინას კუთვნილი ჯიპი Land Cruiser Prado მოსკოვის სიახლოვეს, მოჟაისკის ტრასაზე გადაადგილებისას აფეთქდა. ინციდენტის დროს იგი მანქანაში იმყოფებოდა და ადგილზე დაიღუპა. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა და მის აფეთქებაში უკრაინის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს. კიევი კრემლის იდეოლოგ ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის აფეთქებასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

21 აგვისტოს დარია დუგინას აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის "ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ" აიღო.

დარია დუგინა მამის საქმეს აგრძელებდა, უკრაინის მიმართ რუსულ აგრესიას ამართლებდა და "რუსსკი მირის" იდეოლოგიას პროპაგანდირებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S