ბათუმის მერი: "დღეს უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე დაგეგმილი იყო პროვოკაცია და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები"
24/08/2022 11:09:50 პოლიტიკა
ბათუმის მერ არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, დღეს უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციების მოწყობას და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით გამოსვლას გეგმავდა.
„რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, სწორედ დღევანდელ დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტმა ტელევიზიებმა შეეცადნენ მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი დღის საფარქვეშ კონკრეტული ღონისძიებების თითქოსდა მოფიქრებით კონკრეტული პროვოკაციების მოწყობას. ეს არის ფაქტი სცენასთან დაკავშირებით, თითქოსდა უკრაინის დამოუკიდებლობის დღის საფარქვეშ მოწყობილი პროვოკაცია. ჩვენს ინფორმაციას ადასტურებს ის კონკრეტული ისტერია, რაც წინასწარ იყო დაგეგმილი, რასთან დაკავშირებითაც კომუნიკაცია ჰქონდათ ბათუმის მუნიციპალურ სამსახურებთან და მას შემდეგ, რაც ბათუმის მერის მოადგილისგან და შესაბამისი სამსახურისგან სცენის ტექნიკურ გაუმართაობასთან მიმართებაში მიიღეს ინფორმაცია, ისედაც დაგეგმილი პროვოკაცია და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, რომელიც უნდა გაჟღერებულიყო ღონისძიებაზე, წამოწიეს წინა პლანზე“, – განაცხადა ბათუმის მერმა. [სტილი დაცულია].
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ბათუმში, საოცრებათა მოედანზე იგეგმება, თუმცა ორგანიზატორებს მერიამ პრობლემები შეუქმნა და სცენის მონტაჟზე უარი ბოლო წუთებში უთხრა. მერის მოადგილეს სოფო ხალვაშს კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდა - ან კონცერტი ან ვიდეოები. ეს პირობა წაუყენა სოფო ხალვაშმა ორგანიზატორებს, როცა გაიგო რომ კონცერტზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ქართველი და უკრაინელი სამხედროების ვიდეოების გაშვებას აპირებდნენ.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ პირად საუბარში მათ პირდაპირ უთხრეს რომ ომზე და რუსეთის აგრესიაზე გამომსვლელებს საერთოდ არ უნდა ესაუბრათ.
ამის შემდეგ ორგანიზატორებმა ალტერნატიული სცენის დადგმა გადაწყვიტეს, თუმცა ბათუმის ზედამხედველობამ ნებართვა მოითხოვა. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ღონისძიება დღეს მაინც გაიმართება.


