
“სისუსტე რუსეთისთვის აგრესიის გამოწვევის მიზეზია, რატომღაც ამას ჩვენ ვერ ვხვდებით!“
29/08/2022 15:48:32 ინტერვიუ
ინტერვიუ გადამდგარ გენერალ–მაიორთან, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილ უფროსთან, ევროკავშირსა და ნატო–ში საქართველოს ყოფილ წარმომადგენელთან, „ჯეოქეისის“ მრჩეველ ვახტანგ კაპანაძესთან.
– ბატონო ვახტანგ, ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში უკრაინელი სპეცსამსახურები გააქტიურდნენ – ყირიმში იყო აქტივობები, არის ცნობები, რომ რუსეთმა ანექსირებული ტერიტორიიდან მოიერიშეები გაიყვანა; ოკუპირებულ ტერიტორიებზე იწვის ოკუპანტების საწყობები; ფიქსირდება კოლაბორანტების მკვლელობის ფაქტები; ბრძოლის ველზე ტემპი შენელებულია; ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსული სამხედრო ძალა გამოიფიტა, მათში საბრძოლო განწყობა დაბალია, ხოლო რუსეთის ეკონომიკის მომავალი – ბუნდოვანი. არის ეს ომის მსვლელობაში ის გარდატეხა, რომელსაც ბევრი პროგნოზირებდა ზაფხულის ბოლოსთვის?
– ჯერ გარდატეხა არ მომხდარა, თუმცა ამის ნიშნები იკვეთება, რასაც ვპროგნოზირებდით კიდეც: ომის მიმდინარეობიდან გამომდინარე ვთვლიდით, რომ ამ პერიოდში უნდა გამოჩენილიყო უკრაინის დახმარება, ხოლო რუსეთისთვის კულმინაციის წერტილი. გარდატეხის ნიშნებად შეიძლება, განვიხილო ის, რომ რუსებმა უკვე მიაღწიეს თავის კულმინაციის წერტილს – ოპერატიულ დონეზე შეტევას ვერ ახორციელებენ, გადასულები არიან ლოკალურზე და ამასაც წარუმატებლად ახორციელებენ. ფაქტობრივად, მათ უკრაინის მიმართულებაზე შეტევითი პოტენციალი ამოწურეს. ერთადერთი დონბასში აქტიურობენ, თუმცა თვენახევარია, გაჩერებულები არიან ბახმუტის და სოლედარის ზღუდეზე, რომელიც არც კი ითვლებოდა უკრაინის თავდაცვის მთავარ რაიონად (ასეთი უკრაინისთვის დონბასში კრამატორსკი–სლავიანსკია). ჩანს, რომ რუსებს მართლაც უჭირთ. მათ ოპერატიული პაუზა არ აიღეს და არ გამოიყენეს გადაჯგუფება–გადახალისებისთვის, გამაგრებისა და ოპერატიული გეგმების შეცვლისთვის, ვინაიდან, როგორც ჩანს, „ზემოდან“ იყო პოლიტიკური ზეწოლა, სადღეისოდ ასეთ მდგომარეობაში ამიტომაც იმყოფებიან – კულმინაციის წერტილს მიაღწიეს. ეს შეიძლება, იყოს გარდატეხის ნიშანი, მაგრამ უკრაინისთვის, ჩემი ხედვით, გარდატეხა იქნება, როდესაც თავად აიღებს ხელში ინიციატივას და შეძლებს, განახორციელოს ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა. რაც შეეხება მტრის ზურგში ამჟამინდელ მოქმედებებს, ორგანოები (თუ მათ პარტიზანებს ვუწოდებთ) წინასწარ იქნებოდა შექმნილი, თუმცა მათ მომზადებას; ამოცანების დასახვას, გარკვევას, თუ ვის, სად და როგორ დაარტყან; სპეცსამსახურების მიერ პარტიზანებთან დაკავშირებას გარკვეული დრო სჭირდებოდა. ეს დრო გავიდა და ფაქტია, რომ გააქტიურდნენ და ამაზე მიუთითებს დივერსიული ქმედებების რაოდენობა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, მაგრამ ეს ჯერ იმ მასშტაბის არ არის, რაც რუსეთს ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებდა: სიღრმე არ არის დიდი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შემცირებულია უკრაინის მხარდამჭერი მოსახლეობის რაოდენობა (გაყვანილია ან კონტროლირებად ტერიტორიაზე, ან რუსეთში). მსგავსი მოქმედებები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა თუ არ მოჰყვა უკრაინის ძირითადი ძალების მოქმედებები, ეს იმდენად მტკივნეული არ იქნება რუსეთისთვის. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მსგავსი აქტივობები რუსეთის მხრიდან ძალების მობილიზებას მოითხოვს ზურგში საკომენდანტო სამსახურის დაცვის ორგანიზებისთვის – ყოველ 20 სამოქალაქო პირზე ერთი სამხედრო ან პოლიციელი უნდა მოდიოდეს, რათა მსგავს იატაკქვეშა მოძრაობას ებრძოლო. ეს საკმაოდ დიდ რესურსს მოითხოვს.
– ვხედავთ, რომ ზაფხულში აქტიურობაა ხერსონის მიმართულებით, უკრაინელებიც ახორციელებენ დარტყმებს, მაგრამ თქვენც ბრძანეთ, მასშტაბური შეტევაა საჭიროო, რასაც იარაღი სჭირდება. ბევრი ექსპერტისგან მომისმენია, რომ „ჰაიმარსები“ კარგია, ისინი ასრულებენ საკუთარ ამოცანას, მაგრამ ტანკის წინააღმდეგ ტანკია საჭიროო“, ანუ შესაბამისი იარაღი. რატომ ვერ ხერხდება, დაპირების მიუხედავად, უკრაინისთვის შესაბამისი იარაღის დროულად მიწოდება?
– ტანკის წინააღმდეგ ტანკია საჭირო – მოძველებული პარადიგმაა. არსებობს ეფექტური სისტემები.
– მოდით, ვთქვათ, საჭირო იარაღი...
– ტანკი და ჯავშანტექნიკა უკრაინას იმ რაოდენობით სჭირდება, რომ თავად გადავიდეს შეტევაზე. მოშიშვლებულ რაიონში ჯავშნის გარეშე ვერ შევა. საბჭოთა სტანდარტით (ვინაიდან რუსეთზე და უკრაინაზე ვსაუბრობთ) დარტყმითი შესაძლებლობა არის ჯავშანტექნიკის არსებობა, რომელიც თავის თავში აერთიანებს როგორც მობილობას, ისე საცეცხლე შესაძლებლობას და დაცულობას. თუ აქამდე რუსები იყვნენ მოძრავი სამიზნეები, ვინაიდან შეტევას ისინი ახორციელებდნენ, უკრაინელებს შესაძლებლობა შესაბამისი უნდა ჰქონდეთ, რომ იგივე თავად გახდნენ. თუ რაოდენობრივად ვერ ახერხებს რუსეთზე უპირატესობის მოპოვებას, ხარისხობრივად უნდა შეძლოს. ამასთან, სჭირდება ახლო მხარდაჭერის ავიაცია, „ჰაიმარსების“ მეტი რაოდენობა, ისევე როგორც თვითმავალი ჰაუბიცების, რომლებიც ჯავშანტექნიკასთან ერთად იმოძრავებენ და შეტევით შესაძლებლობას, მობილურობას და სისწრაფეს კიდევ უფრო გაზრდიან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია "ჰაიმარსებისთვის“ იმ რაკეტების მიღება, რომელიც 300 კმ–ს სწვდება, რათა რუსების ძირითადი თავდაცვითი რაიონებიდან რეზერვების მოწყვეტა შეძლონ. ამდენად, ბევრი რამ ჯერ კიდევ სჭირდება უკრაინას. ის რაოდენობა, რაც მას გააჩნია, აძლევს საშუალებას, რუსები მოიგერიოს, მაგრამ კონტრშეტევისთვის რუსულ საცეცხლე შესაძლებლობაზე ხარისხობრივი უპირატესობის მოპოვება სჭირდება. რამდენად მისცემს მსოფლიო უკრაინას იმ რაოდენობის იარაღს, რომ გაიმარჯვოს, ეს უკვე სხვა თემაა.
– სწორედ ამას ვკითხულობ. ცივილიზებული სამყაროს, ყოველ შემთხვევაში, დეკლარირებული პოზიციაა, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ბოლომდე დაუდგება გვერდში. რაც დრო გადის, ნეგატიური პროცესები მით უფრო ახდენს, მათ შორის, დასავლეთზეც გავლენას. მაშ რატომ აგვიანებს შესაბამისი ტიპის და რაოდენობის იარაღის მიწოდება?
– აქ რამდენიმე ფაქტორია, მათ შორის, პოლიტიკური – რას ნიშნავს უკრაინის გამარჯვება, ვის როგორ აღიქვამს მას? ეს არის რუსების საბოლოოდ გაჩერება, რომ უარი ათქმევინონ მას შემდგომ ექსპანსიაზე და დარჩეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც ეს თავის დროზე გააკეთა ფინეთმა, როდესაც საბჭოთა კავშირმა მას კარელია წაართვა, თუმცა ითვლებოდა, რომ ომში ფინეთმა გაიმარჯვა? გამარჯვებად ჩაითვლება, ხერსონის და ზაპოროჟიეს გათავისუფლება და აზოვის ზღვაზე გასვლა, რომელიც ამ დროისთვის დაკარგული აქვს უკრაინას? თუ გამარჯვებაა ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება ყირიმის ჩათვლით? რაზე წავა მსოფლიო? ყველაფერს თავისი ფასი აქვს.
– მათ შორის, ფასი ექნება იმასაც, თუ რუსეთს არ გააჩერებ...
– ეს უფრო პოლიტიკური ფასი იქნება. ფაქტია, რომ დასავლეთი დაეხმარა უკრაინას და მან შეძლო რუსეთის შეჩერება. ისიც ფაქტია, რომ მსოფლიო რუსეთს თავისი ამოცანების შესრულების უფლებას არ მისცემს. ახლა ლაპარაკია იმაზე, თუ რა არის შედეგი ნაბიჯი, რა არის ხაზს მიღმა? მე უკვე ვახსენე სამი ვარიანტი. ცხადია, ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იტყვის საკუთარი ქვეყნის ტერიტორიებზე უარს, მაგრამ ვფიქრობ, მიმდინარე ეტაპზე ხერსონის და ზაპოროჟიეს გათავისუფლება უკრაინისთვის დიდი გამარჯვება იქნება.
– ეგოისტური კითხვა უნდა დავსვა. იქნებოდა ეს ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ პოტენციურ საფრთხეს მოგვიხსნიდა?
– უკრაინამ საკუთარი ტერიტორიები სრულად რომ გაათავისუფლოს, ჩვენ საფრთხე არანაირად არ გვეხსნება. სამწუხარო რეალობაა ასეთი. რუსეთი რომც დაიშალოს, საფრთხე რჩება, რადგან არეული რუსეთი არანაკლები საფრთხის მატარებელია, ვიდრე „დალაგებული“ და ძლიერი. განსხვავებული იქნება საფრთხის სიდიდე და ფორმა. გარდა ამისა, თუ რუსეთმა უკრაინაში მიიღო მტკივნეული მარცხი, საქართველოსთვის შესაძლებლობაა, ნატო–ს თუ შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების მიმართულებით ჩაერთოს მნიშვნელოვან შემაკავებელ კოალიციაში.
– ვხედავთ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მცდელობას, მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას ვლადიმირ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი, რასაც უკრაინელები არ სთანხმდებიან. რიგი ანალიტიკოსების შეფასებით, კრემლი ელის ზამთარს, დასავლური საზოგადოების გადაღლას, რათა დასავლეთმა განახორციელოს ზეწოლა კიევზე, კრემლთან წავიდეს დათმობაზე. როგორ ხედავთ მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარების პერსპექტივას?
– დიახ, რუსეთი ამჟამად თავად ცდილობს (ამაში თურქეთს იყენებს, რომელსაც ცხადია, თავისი მიზნები აქვს) მოლაპარაკებებს, რათა დაელოდოს „გენერალ“ ზამთარს, რომელიც ხშირად შველოდა რუსეთს. თუკი შეთანხმება დაიდება თუნდაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ეს იქნება დრო რუსეთისთვის, დაიწყოს ძალების შეგროვება, გადაჯგუფება... ამასთან, არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირობებში ევროპა უკრაინას იმ რაოდენობით იარაღს აღარ მიაწვდის, როგორც დღეს აწვდის. მეორე ფაქტორი ის გახლავთ, რომ ზამთარში უშუალოდ უკრაინის და ევროპის მოსახლეობას გაუჭირდება. ეს არის ზეწოლის ფაქტორი, რომლითაც რუსეთმა შეიძლება, დაიწყოს პოლიტიკური ვაჭრობა და ჰქონდეს მცდელობა, რაღაც ხელშეკრულებაზე წამოსვლა აიძულოს უკრაინას ევროპის ზეწოლით. გარდა ამისა, ზამთარში დაცვაში მყოფი მხარე უფრო კომფორტულადაა, ვიდრე შეტევაში მყოფი.
– შეუძლებელია მსგავსი ანალიზი არ კეთდებოდეს უკრაინელების და პარტნიორების მხრიდან...
– ცხადია.
– შესაბამისად, შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდებას, რომელიც თქვენც ახსენეთ, უნდა ველოდოთ? მესმის, რომ შესალოა, იყოს პირობები, მათ შორის, მათი რუსეთის ტერიტორიაზე არგამოყენების, მაგრამ მეორეს მხრივ, ვიცით, რომ რუსეთის ტერიტორიიდან იბომბება უკრაინის რეგიონები. ომი მოიგო ისე, რომ არ მიაყენო დარტყმა მოსწინააღმდეგეს, ეს როგორ ხდება?!
– უკრაინას ლეგიტიმური უფლება აქვს, დარტყმები განახორციელოს რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ვიმეორებ, გააჩნია, დასავლეთი რას თვლის გამარჯვებად და სადამდე მიჰყვება უკრაინას. მე ხომ არ ვიცი მათი ჩანაფიქრის შესახებ?! სჭირდება დასავლეთს დაშლილი რუსეთი? რუსეთი ხომ მხოლოდ რუსების ქვეყანა არ არის? იქ არის კულტურულად–ეთნიკურად–რელიგიურად განსხვავებული ხალხების ერთობა: თათრეთია, ბაშკირეთი, ჩრდილოეთ კავკასია და ა.შ. ამავე დროს არსებობს ბირთვული იარაღი. სჭირდება მსოფლიოს ამხელა ტერიტორიაზე არაკონტროლირებადი რეალობა? მიმდინარეობს პოლიტიკური გათვლები, ახლოვდება ზამთარიც, რომელიც ასევე პრობლემატური იქნება. სწორედ ამიტომ არ დებს უკრაინა რუსეთთან არავითარ შეთანხმებას, არ აწყობს დროის გაჭიმვა, რადგან ამით რუსეთი მოიგებს, რუსეთი კი პირიქით – ცდილობს, ვითარება როგორმე მიიყვანოს ზამთრამდე. დაველოდოთ მოვლენებს. ვიმეორებ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, მსოფლიო ამ ეტაპზე რას ჩათვლის უკრაინის გამარჯვებად, სადამდე დაეხმარება. საუბარია მოკლე და საშუალოვადიან სტრატეგიულ პერიოდზე, თორემ, ის, რომ ამერიკულ მოიერიშეებზე ვარჯიშობენ უკრაინელი მფრინავები, საიდუმლო აღარაა; სლოვაკეთი ამზადებს უკრაინელებისთვის საკუთარ გამანადგურებლებს, რადგან პოლონეთთან და ჩეხეთთან დადო შეთანხმება, რომ ისინი გადაფარავენ მის საჰაერო სივრცეს; უკრაინელებმა უკვე შეძლეს რადარსაწინააღმდეგო რაკეტების (რომლებიც მათ ამერიკელებმა მისცეს) ადაპტირება საბჭოთა თვითმფრინავებზე (მიგ–29) და ა.შ. – ამდენად, დახმარება მოდის, სასურველია, იყოს მეტი. მაგრამ აქაც ფაქტორები არსებობს: დრო, ვიდრე იარაღი მივა უკრაინამდე და მეორე – შეიარაღების მიმწოდებელ ქვეყანას აქვს საკუთარი თავდაცვის მინიმალური დონე, რომლის ქვემოთაც იარაღს არავის მიაწვდის, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად რჩება დაუცველი. ამდენად, ყველა ქვეყანა ეხმარება ისე, როგორც შეუძლია, მაგრამ ვიმეორებ, ეს დახმარება ჩემი აზრით, არ ხორციელდება იმ რაოდენობით და სისწრაფით, რომელიც უკრაინას ამ ეტაპზე სჭირდება ფართომასშტაბიანი შეტევისთვის. ვიმედოვნებ, ამას გარკვეული მაკუმულირებელი ეფექტი ექნება და ზამთრამდე ნამდვილად გამოჩნდება გარდატეხა.
– ბრძანეთ, მნიშვნელოვანია, სადამდე მიჰყვება მსოფლიო უკრაინასო და ამ კონტექსტში მინდა ვიკითხო: ამერიკული მედია წერს, აშშ გეგმავს, უკრაინისთვის დახმარების მისიას სახელი დაარქვას, რომელსაც ამერიკელი გენერალი უხელმძღვანელებს. ამას ადგილობრივი მედია, აშშ–ის მხრიდან მათ შორის, ომში ჩართულობის ფორმალურ აღიარებად განიხილავს. თქვენ რას იტყვით?
– ისრაელ–არაბეთის ცნობილი კონფლიქტის დროს მხარეებთან საბჭოთა კავშირს მრჩევლებიც ჰყავდა გაგზავნილი და იარაღსაც აწვდიდა არაბულ ქვეყნებს, მაგრამ არავის უღიარებია, რომ საბჭოთა კავშირი მხარე იყოს კონფლიქტის. ამდენად, გააჩნია, ვინ როგორ შეხედავს. ეს პოლიტიკურ სიტყვათა თამაშია. ფაქტი ერთია: ამერიკელები ამბობენ, ჩვენ ვეხმარებით, მაგრამ არ ვმონაწილეობთო. იგივეს აცხადებს დანარჩენი ცივილიზებული სამყარო.
– უკრაინაში რუსეთის მიერ ომის გაჩაღების პარალელურად ვხედავთ, რომ ნატო აღმოსავლეთით საკუთარ ფლანგს აძლიერებს. ეს ომის მიმდინარეობაზე რაიმე სახის გავლენას მოახდენს?
– ნატო–მ ისარგებლა მომენტით (უკვირთ, „ამდენი ხანი რუსეთის როგორ გვეშინოდაო“) და გააძლიერა აღმოსავლეთ ფლანგი; შვედეთი და ფინეთი წევრები გახდნენ და ალიანსი ამ ომის დროს მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ცხადია, რუსეთი იძულებულია, გარკვეული ძალები ფინეთის და ბალტიის და ჩრდილოეთის ზღვების მიმართულებაზე გაიყვანოს. თუ აქამდე არქტიკის ზვაზე მხოლოდ ნორვეგია იყო კონკურენტი, ახლა უკვე ნატო შედის. ამდენად, ამ კუთხით ახდენს გავლენას ომზე, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ არსებითს.
– თქვენ საუბრისას ახსენეთ თურქეთის ინტერესები. მეტი გვითხარით ამის შესახებ...
– თურქეთი საკუთარ თამაშს თამაშობს. რუსეთის დასუსტება აწყობს, იქნება ეს ამიერკავკასიაში თუ სირიაში, ეს მისთვის ბრწყინვალე შესაძლებლობაა, გამოიყენოს შექმნილი ვითარება: ერთ ხელს რუსეთს ართმევს, მეორე ხელით კი უკრაინას ეხმარება, მედიატორად გამოდის ამ დაპირისპირებაში და ა.შ. მაღლა წევს თავის პოლიტიკურ მნიშვნელობას...
– შვედეთის და ფინეთის ნატო–ში გაწევრიანების საკითხზე ევაჭრა დასავლეთს...
– რა თქმა უნდა. იმთავივე ვთქვი, თურქეთი ის ქვეყანა არაა, არ გამოეყენებინა ეს ვითარება. გამოიყენა კიდეც, მიიღო რაც სჭირდებოდა, კიდევ ბევრ რამეს მიიღებს და შავ ზღვაში რუსეთი ნამდვილად აღარ იქნება დომინანტი: ეს იქნება თურქეთი, როგორც ნატო–ს ნაწილი. რუსეთმა შავ ზღვაში პოზიციები უკვე დაკარგა: ქვეყანა, რომელიც ხომალდით ვერ გადის ზღვაში, უკრაინის ნაპირს 300 კმ–ზე მეტად ვერ უახლოვდება, რადგან ეშინია რაკეტების, დომინანტი აღარაა!
– ვინაიდან ვითარებით სარგებლობაზე ვსაუბრობთ, მინდა, აზერბაიჯანიც ვახსენოთ, რომელსაც ძლიერი პარტნიორი ჰყავს თურქეთის სახით. მან ისარგებლა სიტუაციით და ჩვენ ამ პროცესებში სად ვართ?
– მაგას ვერ გეტყვით. არ ვიცი. ალიევი თურქეთთან ერთად საკუთარ თამაშს რომ დაიწყებს, ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ ხმასაც ვერ გასცემს რუსეთი, ვინაიდან ალიევს კედელივით უდგას თურქეთი. ხოლო ლაჩინში ალიევის შესვლით ასევე ფაქტია, რომ რუსეთმა სომხეთი საბოლოოდ გაყიდა.
– თურქეთი მუდმივად ლავირებდა. მაინც რით არის განპირობებული კრემლის, ასე ვთქვათ, „მოკრძალება“ მის მიმართ?
– ძალით! ერთადერთი რამ, რასაც რუსეთი პატივს სცემს, ეს ძალაა. თურქებმა რამდენიმე თვეში შეძლეს ის, რაც მაგალითად რუსეთმა 30 წლის განმავლობაში ვერ გააკეთა ყარაბაღში – ვერ დაარეგულირა სიტუაცია. თურქეთი ამიერკავკასიაში საკუთარი გავლენებით ისე შევიდა იმ ზონაში, რომელიც რუსეთის ინტერესების ექსკლუზიურ ზონად ითვლებოდა, რომ მოსკოვს ხმაც არ ამოუღია. თუ გახსოვთ, თავის დროზე, თურქებმა თვითმფრინავი ჩამოუგდეს რუსეთს, ელჩი მოკლეს და შემდეგ მოსკოვის პასუხი რა იყო? პომიდვრის ექსპორტი შეწყვიტა თურქეთიდან.
– შემდეგ ბოდიში მოიხადა ანკარამ და კომპენსაცია გასცა დაღუპული მფრინავის ოჯახზე...
– აბა საქართველოს ჩამოგვევგდო რუსული თვითმფრინავი ... ვიმეორებ, რუსეთი პატივს მხოლოდ ძალას სცემს! ეს რეალობაა! რატომღაც ამას ჩვენ ვერ ვხვდებით! სისუსტე მისთვის აგრესიის გამოწვევის მიზეზია! როგორც კი სისუსტეს ხედავს, ავტომატურად ერთვება აგრესია, თურქეთს კი ხმასაც ვერ სცემს. აბა ჩვენ მიგვეცა „ბაირახტარები“ უკრაინისთვის?!...
– აქვე გკითხავთ. საკმაოდ ნეიტრალური პოზიცია გვიჭირავს უკრაინის ომთან მიმართებით. კიდევ რამდენ ხანს შეიძლება, შეძლოს საქართველომ მსგავსი პოზიციის შენარჩუნება?
– არ ვფიქრობ, რომ პოზიცია რუსეთს რაღაც სენტიმენტებს გაუღვიძებს. გადახედეთ ისტორიას! აბსოლუტურად ყველა ხელშეკრულება დაარღვია რუსეთმა, რომელიც კი დაგვიდია მასთან. მათივე გამოთქმაა, „მოსკოვს ცრემლების არ სჯერაო“. თუ მოუნდება რაიმეს გაკეთება, გააკეთებს!
– მაშ გარდაუვალის უბრალოდ გადავადებას ემსახურება ჩვენი პოზიციონირება?
ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ. ამაზე პოლიტოლოგებმა ისაუბრონ, მათ გაარჩიონ საქართველოს პოლიტიკური ნაბიჯები.
– კეთილი, მაშ კითხვას თქვენთან, როგორც სამხედრო სპეციალისტთან ამგვარად დავსვამ, რით უნდა ვიყოთ ამჟამად დაკავებული?
– უნდა ვზრდიდეთ ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, ვზრდიდეთ უპირველესად თავდაცვის ბიუჯეტს და ვახდენდეთ ჩვენი შეიარაღებული ძალების გადაიარაღებას! მოდერნიზება ლამაზი სიტყვაა, მაგრამ ამას ჩვენ ვერ შევძლებთ, მას სხვა რესურსი სჭირდება. უკრაინაში იმდენი რესურსი წავიდა საბჭოთა წარმოების იარაღის, რომ ჩვენ ამ სისტემებს, ვერც სათადარიგო ნაწილებს ვეღარ ვიყიდით. ამიტომ, მაქსიმალურად სწრაფად უნდა ვცადოთ ნატო–ს სტანდარტის აღჭურვილებაზე გადასვლა.
– ამ პროცესში პარტნიორი ვინ შეიძლება იყოს? მათ შორის, თურქეთი?
– რა თქმა უნდა. 90–იან წლებში თურქეთთან ძალიან ახლო სამხედრო კავშირები გვქონდა. ერთობლივი სწავლებებიც იყო, ჩვენი სამხედრო აკადემია თურქეთის დახმარებითაა შექმნილი... რატომღაც, ეს ყველაფერი დავივიწყეთ. ჩვენ უფრო ახლო ურთიერთობები გვქონდა თურქეთთან, როგორც ნატო–ს წევრ ქვეყანასთან, ვიდრე აზერბაიჯანს. ეს უკანასკნელი უფრო საბჭოთა სისტემებზე იყო, როდესაც ჩვენ თურქეთთან ერთად ნატო–ს სისტემებზე გადავდიოდით. ამასთან, თურქეთი ნატო–ში ჩვენი ერთ-ერთი „ელმავალია“ – აქტიური მხარდამჭერი. ცხადია, მას საკუთარი ინტერესები აქვს, რაც გასათვალისწინებელია, მაგრამ ერთობლივი ინტერესებით სარგებლობა რატომ არ შეგვიძლია?! ის სხვაგვარად აღგვიქვამს: ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თურქეთს სასაზღვრო პრობლემა არ აქვს, ეს საქართველოა, ისევე როგორც საქართველოსთვის არის თურქეთი. უნდა გავიდეთ ამიერკავკასიის აზროვნებიდან და ხშირად უნდა გამოვიყენოთ ტერმინი ფართო შავი ზღვის უსაფრთხოება. სწორედ ამის ნაწილი (ნატო–ს ქვეყნებთან – ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი, ასევე უკრაინასთან ალიანსში) უნდა ვიყოთ და არა ამიერკავკასიის. ეს ნაჭუჭში გვკეტავს ძალიან. ცხადია, თურქეთი დიდი ძალაა და შეუძლია, ამ მიმართულებით დაგვეხმაროს, ისევე როგორც აშშ–ს, რომელიც ასევე მხარში გვიდგას. ამასთან, საქართველო ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა – აზერბაიჯანთან დაიდო შეთანხმება, ყაზახეთს და თურქმენეთს სურთ ამ მიმართულებით გადმორთვა, რაც საქართველოსთვის დიდი შესაძლებლობაა და ეს უნდა გამოვიყენოთ. თუ დაველოდებით, მიზიდულობის ძალით როდის ჩამოვარდება ვაშლი ხიდან, ველოდოთ!..
– თქვენი დაკვირვება მაინტერესებს. თურქეთთან თანამშრომლობა არის იმ დონის, რა პოტენციალიც აქვს ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს?
– არა! კიდევ მეტი შეიძლება სამხედრო–უსაფრთხოების თვალსაზრისით.
– უფრო აღქმადი რომ იყოს, პროცენტულად დავთვალოთ, რამდენს ვიყენებთ შესაძლებლობიდან...
– 30%–ს, შესაძლოა, კიდევ უფრო ნაკლებს.
– რა გვიშლის ხელს?
– ეს პოლიტიკური საკითხია და მათ უნდა ჰკითხოთ.
– და ბოლოს, ყარაბაღში არსებული ამჟამინდელი მოცემულობა იძლევა იმედს, მშვიდობიანი პროცესი დაიწყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რაც ცხადია, ჩვენს ინტერესშიც შედის?
– ამ ეტაპზე მეეჭვება: ფაქტია, რომ სომხეთი ჯერ კიდევ რჩება ყარაბაღის მძევლად, რასაც რუსეთი ყოველთვის გამოიყენებს. სომხეთში რჩება რუსული სამხედრო ბაზა. მოსკოვი არ დაუშვებს, ხელიდან გამოეცალოს სომხეთი, რადგან ამ შემთხვევაში მთლიანად დაკარგავს ამიერკავკასიას.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021