"სააკაშვილი ცდილობს, რამენაირად თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას"
30/08/2022 10:41:29 პოლიტიკა
ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, რამენაირად თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის ყველა უფლება იქნება დაცული, რათა კონტრასტი იყოს და „ადამიანის უფლებების ყველაზე საშინელი სისტემის შემქმნელის უფლებაც კი ზედმიწევნით იყოს დაცული“.
„ექსპერტიზის სათავისო დასკვნის მიღების მცდელობა იქნება ეს, სხვადასხვა გზით მართლმსაჯულების არასრულების მცდელობა თუ სხვა რამ, მისი მხრიდან ბუნებრივი ამბავია. თუ მართლა რაიმე სერიოზული ან ნაკლებად სერიოზული პრობლემა ექნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, ძალიან კვალიფიციური ექიმები მოემსახურებიან. რასაც მის ციხეში ადამიანებს უკეთებდნენ, მსგავსი არ მოაფიქრდება და გონებაშიც არ გაივლებს არავინ. დღეს ამ სისტემის შემოქმედს ყველაზე მაღალკვალიფიციური ექიმები მოემსახურებიან და ყველა უფლება იქნება დაცული, რათა იყოს კონტრასტი, რომ დღეს ადამიანის უფლებების ყველაზე საშინელი სისტემის შემქმნელის უფლებაც კი ბოლო პუნქტამდე, ზედმიწევნით იყოს დაცული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
გუშინ საქართველოში საერთაშორისო ექსპერტები ჩამოვიდნენ, რომლებმაც სააკაშვილის უფლებადამცველების ინფორმაციით შეაფასეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უახლოეს დღეებში ცენტრ „ემპათიასთან“ ერთად დასკვნას გამოაქვეყნებენ.
მოგვიანებით, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა სახელმწიფომ თავადაც ჩაატაროს დამოუკიდებელი ექსპერტიზა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან გამოსაკვლევად.


