სახდეპი – ფილიპ რიკერი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ვიზიტს უახლოეს მომავალში გეგმავს
31/08/2022 09:23:01 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მთავარი მრჩევლი კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში ფილიპ რიკერი რეგიონში ვიზიტს უახლოეს მომავალში გეგმავს. ამის შესახებ "აქცენტს" სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა განუცხადა.
მისივე თქმით, აშშ–ის პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით კვლავ უცვლელია:
"ჩვენი პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით უცვლელი რჩება და ჩვენ მხარს ვუჭერთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას", – განუცხადა "აქცენტს" სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი 25 აგვისტოს დანიშნა.
„ფილიპ რიკერი იმუშავებს აშშ-ის ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარედ და უხელმძღვანელებს აშშ-ის დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ამ კრიტიკულ პერიოდში“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც ბლინკენი აცხადებს, კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად რიკერის დანიშვნა მიუთითებს იმაზე, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს აშშ ჟენევის დისკუსიებს საქართველოსთან დაკავშირებით.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ დაეხმარება სომხეთსა და აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიანი პოლიტიკური დარეგულირების მიღწევაში.
„ფილიპ რიკერი ითანამშრომლებს თანამოაზრე პარტნიორებთან, როგორიცაა ევროკავშირი და ასევე იმუშავებს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის როლში, რათა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირი დიალოგის ფასილიტაცია მოახდინოს. ამ დროს რიკერის დანიშვნა ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც აშშ ანიჭებს საქართველოსთან დაკავშირებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.


