"საქართველოსთვის მრავალი სახელმძღვანელო პრინციპი არსებობს, რათა ომბუდსმენი შეირჩეს კონსენსუსის საფუძველზე და ყველა მხარის აღიარებით“
31/08/2022 14:30:39 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, “სახალხო დამცველის შერჩევა უაღრესად მნიშვნელოვანია. პარლამენტს აქვს უდიდესი შანსი, რომ ეს პროცესი ინკლუზიური იყოს".
ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“სახალხო დამცველის შერჩევა უაღრესად მნიშვნელოვანია. პარლამენტს აქვს უდიდესი შანსი, რომ ეს პროცესი ინკლუზიური იყოს. ახლა არის დრო მაქსიმალურად მრავალფეროვანი ხმების ჩასართველად და არა პროცესის დახურვის. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წინა შერჩევის პროცესმა მაღალი შეფასება დაიმსახურა იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან რომლებიც აკვირდებიან სახალხო დამცველის შერჩევას.
საქართველომ მართლაც მაღალი შეფასება მიიღო წინა სახალხო დამცველის შერჩევისას რადგანაც პროცესი ინკლუზიური იყო და მასში არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა მხარეები მონაწილეობდნენ. თუ საქართველოს სურს შეინარჩუნოს ეს ძალიან მაღალი შეფასება, რომელიც მან მიიღო "ადამიანის უფლებებზე მომუშავე ეროვნული ორგანიზაციების გლობალური ალიანსის" მხრიდან, მან უნდა დაიცვას პრინციპები რომლებიც გათვალისწინებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის სახით, პარიზის პრინციპებით და რეკომენდაციებით, რომელიც საქართველოს გადაეცა 5 წლის წინ. საქართველო ასე შეინარჩუნებს იმ მაღალ შეფასებას, რომელიც მან მიიღო წინა ჯერზე სახალხო დამცველის შერჩევის გამართული პროცესისათვის, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციებიც მონაწილეობდნენ. ასე რომ, რთულად გამოსაცნობი არ არის როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი. ეს ყველაფერი გაწერილია პარიზის პრინციპებში, ევროსაბჭოს რეკომენდაციებში, "გლობალური ალიანსის" შეფასებაში. ამ პროცესის კარგად წარსამართად საქართველოსთვის მრავალი სახელმძღვანელო პრინციპი არსებობს, რათა სახალხო დამცველი შეირჩეს კონსენსუსის საფუძველზე და ყველა მხარის აღიარებით.“ - განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, „უნდა გვახსოვდეს, რომ სახალხო დამცველის მთავარ ამოცანას თითოეული საქართველოს მოქალაქის ადამიანის უფლებების დაცვა წარმოადგენს“.
„ეს უაღრესად მნიშვნელოვანი სამუშაოა, რომელიც ითხოვს მიუკერძოებელ პირს, სათანადო კვალიფიკაციითა და ყველა მხარის აღიარებით“ - დასძინა ელჩმა.
მოქმედ ომბუდსმენს ნინო ლომჯარიას 6-წლიანი ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება. ახალი სახალხო დამცველი პარლამენტმა მინიმუმ, 90 ხმით უნდა აირჩიოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმება სჭირდება და დამოუკიდებლად ომბუდსმენის არჩევის შესაძლებლობა "ქართულ ოცნებას" არ აქვს.
ამასთან, სახალხო დამცველის შერჩევის საკითხი ერთ-ერთია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილ იმ 12- პუნქტიან პირობაში, რომელიც წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებადაა შესასრულებელი.


