Accentnews.ge
მანჯგალაძე – მდინარაძის განცხადებაზე: "ეს არის ვირეშმაკობა!"

მანჯგალაძე – მდინარაძის განცხადებაზე: "ეს არის ვირეშმაკობა!"

31/08/2022 17:03:32 პოლიტიკა

ეს არის ვირეშმაკობა! - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ განცხადებას სახალხო დამცველის კანდიდატურის არ წარდგენასთან დაკავშირებით დეპუტატი "სტრატეგია აღმაშენებლიდან" პაატა მანჯგალაძე და განმარტავს, „მდინარაძემ გვითხრა, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს ვითომ დამოუკიდებელ კანდიდატს, რომელიც მათი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იქნება შერჩეული და მათი სატელიტი ოპოზიციური პარტია წარადგენს“.

მან უმრავლესობის მიერ დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები ფარსად შეაფასა.

„ქართული ოცნება" რომ დაინტერესებული იყოს ნამდვილი ინკლუზიური პროცესით, არასამთავრობოების მონაწილეობით კანდიდატის შერჩევით, მაშინ წესს არ შეცვლიდა ამ ფარსის სახელით, თითქოს უკეთეს დემოკრატიას და სტანდარტს გვთავაზობს.

დეტალური კომენტარი რომ გავაკეთო, მეტი ინფორმაცია მჭირდება, რა კრიტერიუმებზე საუბრობენ, გაუგებარია. თურმე, პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს შეფასების სტანდარტს. რადიკალური კომენტარისგან დღეს თავს შევიკავებ, მაგრამ მიჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს სახალხო დამცველის შერჩევის არსებული პრაქტიკის შესაცვლელად კეთდება,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის: მმართველი გუნდი სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებების მიღებას გეგმავს, რომლის მიხედვით გაიწერება კრიტერიუმები. კანდიდატის შეფასების წესი პარლამენტის თავმჯდომარის საგანგებო ბრძანებით გამოიცემა. მამუკა მდინარაძის თქმით, ნებისმიერ პირს შეეძლება განაცხადის შემოტანა სახალხო დამცველის კანდიდატობაზე და მათ შემდეგ პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი შეაფასებს.

კანდიდატები თავიანთი შეფასებებით წარედგინებათ საპარლამენტო სუბიექტებს, რომლებმაც თავის მხრივ პარლამენტს ასარჩევად უნდა წარმოუდგინონ სახალხო დამცველობის მინიმუმ 7 კანდიდატურა.

ამასთან, როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს. როგორც მდინარაძემ განაცხადა, ომბუდსმენის წარდგენის საკითხს მთლიანად მიანდობენ ოპოზიციურ სუბიექტებს და სამოქალაქო სექტორს, გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს პროცესის ხელოვნურ დაბლოკვას, საბოტაჟს ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან კანდიდატების შეგნებულად არ წარდგენის გზით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S