"ოცნების“ გადაწყვეტილება, შეცვალოს ომბუდსმენის არჩევის საკანონმდებლო ჩარჩო, არის საბოტაჟი 12-პუნქტიანი გეგმის წინააღმდეგ"
01/09/2022 09:10:08 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები მათთვის მიუღებელია.
მისი თქმით, სახალხო დამცველის არჩევის წესი უნდა დარჩეს იგივე, სახალხო დამცველი კანდიდატები კი უნდა წარადგინონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა.
"ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, შეცვალოს საკანონმდებლო ჩარჩო და სახალხო დამცველის არჩევას დაუმატონ ხელოვნური რგოლი, რაც იმას გულისხმობს, რომ თურმე „ქართული ოცნების“ შერჩეულმა აკადემიურმა წრეებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა შეარჩიონ და შეაფასონ კანდიდატები, მიუღებელია და განვიხილავთ, როგორც დესტრუქციას და საბოტაჟს, მათ შორის 12-პუნქტიანი გეგმის ჩავარდნის მიზნით. „ქართულ ოცნებას“ სურს, არ მიიღოს დამოუკიდებელი სახალხო დამცველი, არამედ მიიღოს მათ მიერ შერჩეული სახალხო დამცველი. დარწმუნებულო ვარ, ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში და განსაკუთრებით ჩვენი პარტია, ერთგულია 12-პუნქტიანი გეგმის პრინციპების, კონსტიტუციის და ჩვენი პოზიცია რჩება იგივე - ჩვენ მხარს ვუჭერთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეულ კანდიდატებს, გვექნება შეხვედრები მათ შერჩევასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის არჩევის წესი უნდა დარჩეს იგივე, კანდიდატები უნდა წარმოადგინონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საპარლამენტო ოპოზიცია ჩართული ვიქნებით ამ პროცესში. არავითარი საკანონმდებლო ცვლილება და დამატებითი რგოლის შეცვლა აქ არ არის საჭირო. ჩვენ ახლა ვმუშაობთ და წარმოვადგენთ საკანონმდებლო პაკეტების ნუსხას და მათ შორის წარმოვადგენთ პოლიტიკურ და სამართლებრივ განაცხადს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის, სახალხო დამცველის არჩევის წესი იქნება ამ პაკეტის შემადგენელი ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ასეთივე მოწოდებაა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და ასეთია მოლოდინი საზოგადოების მხრიდან", - განაცხადა დეკანოიძემ.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს.
მოქმედ ომბუდსმენს ნინო ლომჯარიას 6-წლიანი ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება. ახალი სახალხო დამცველი პარლამენტმა მინიმუმ, 90 ხმით უნდა აირჩიოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმება სჭირდება და დამოუკიდებლად ომბუდსმენის არჩევის შესაძლებლობა "ქართულ ოცნებას" არ აქვს.
ამასთან, სახალხო დამცველის შერჩევის საკითხი ერთ-ერთია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილ იმ 12- პუნქტიან პირობაში, რომელიც წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებადაა შესასრულებელი.


