„ქართულმა ოცნებამ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში საკუთარი კანდიდატი წარადგინა
01/09/2022 13:41:57 პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში საკუთარი კანდიდატი ზაზა ყურაშვილი წარადგინა.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შუალედური არჩევნების შემდეგ სენაკის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ ჩამოაყალიბებს მყარ უმრავლესობას, „რითაც დასრულდება თითქმის ერთწლიანი საბოტაჟი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტია - „საქართველოსთვის“ ტანდემში ახორციელებდნენ“.
"ბატონი ზაზა არის ჩვენი პარტიის ერთგული და აქტიური წევრი, რომელიც საკუთარ თემში სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით. დარწმუნებული ვართ, რომ ის აუცილებლად მოიგებს არჩევნებს, რის შემდეგაც ღირსეულად წარმოადგენს ორივე სოფლის ინტერესებს სენაკის საკრებულოში. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნების შემდეგ, სენაკის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ ჩამოაყალიბებს მყარ უმრავლესობას, რითაც დასრულდება თითქმის ერთწლიანი საბოტაჟი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტია - „საქართველოსთვის“ ტანდემში მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ ახორციელებდნენ. მოვუწოდებთ ბატონი ზაზა ყურაშვილის მხარდაჭერისკენ თეკლათისა და ჭალადიდის მოსახლეობას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
სენაკის საკრებულოში ვაკანსია გაჩნდა მაისის შემდეგ, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ვახტანგ წურწუმიამ მანდატის ვადაზე ადრე შეწყვეტა მოითხოვა. საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ლაშა კუჭავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ წურწუმიას მიზეზები არ აუხსნია და ყოფილ თანაგუნდელებს „დღემდე თავს არიდებს“.
ოპოზიცია წურწუმიას შემთხვევაში ზეწოლასა და მატერიალური სარგებლით გადაბირებაზე უკვე დიდი ხანია ლაპარაკობს.
წურწუმიას წასვლის შემდეგ, საკრებულოში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დეპუტატების რაოდენობა გათანაბრდა და 16-16 გახდა. ასევე, ოპოზიციამ დაკარგა საკრებულოს თავმჯდომარის სავარძელი.
სენაკში შუალედური არჩევნები 1 ოქტომბერს გაიმართება.


