კობახიძე – რუსეთის მოქალაქეებზე: "არავითარი უკონტროლო შემოსვლა არ ხდება, ახდენენ თემით სპეკულირებას, რათა ქვეყანაში რამენაირად არეულობა შემოიტანონ"

01-09-2022 17:49:34 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით არსებული სავიზო რეჟიმის გადახედვის აუცილებლობა არ არსებობს.

კითხვაზე, არსებობს თუ არა, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლის საფრთხე, კობახიძემ შემდეგი განაცხადა:

„საქართველოში მოქმედებს კონკრეტული რეჟიმი, რომელიც სხვათა შორის, წინა ხელისუფლებამ შემოიღო 2012 წლის დასაწყისში და არანაირი რისკები დღეს არ ჩანს. აქედან გამომდინარე, არავითარი აუცილებლობა იმისა, რომ გადავხედოთ თავის დროზე შემოღებულ სავიზო რეჟიმს, არ არსებობს. დანარჩენი არის სპეკულაციები და ყველაფერი უკავშირდება ისევ და ისევ ომის პროპაგანდას, ომის რიტორიკას, ამაში ბუნებრივია, არ შევყვებით რადიკალურ ოპოზიციას. არავითარი უკონტროლო შემოსვლა არ ხდება, არავითარი რისკები არ დასტურდება, რა თქმა უნდა, პირველი ხელისუფლება არის დაინტერესებული იმით, რომ თუ რაიმე რისკი არსებობს, ამის პრევენცია მოხდეს. თქვენ გახსოვთ, პირველი ხელოვნური აჟიოტაჟი, რომელიც მარტში შეიქმნა - სიტუაციას ისე წარმოაჩენდნენ, თითქოს, ქვეყანა დაიქცა და დაიქცეოდა რამდენიმე დღეში. თუმცა, მარტის მერე გავიდა ნახევარი წელიწადი და არაფერი არ მომხდარა. აქედან ჩანს, რომ ის აჟიოტაჟი იყო ხელოვნურად შექმნილი. ზუსტად ასევეა ხელოვნურად შექმნილი დღევანდელი აჟიოტაჟიც, არაფერზე, ცარიელ ადგილზე ახდენენ სპეკულირებას, რატომ? იმიტომ, რომ მათ აქვთ კონკრეტული ინტერესი - ქვეყანაში რამენაირად არეულობა შემოიტანონ, გააჩაღონ ომის პროპაგანდა, ამაში ბუნებრივია, ვერ შევყვებით მათ“.

ოპოზიციური პარტია „ლელო" უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან მოითხოვს სავიზო რეჟიმის გამკაცრებას რუსეთის ფედერაციასთან. „ლელო" მოითხოვს დროებითი ზომების შემოღებას, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს ტერიტორიაზე შემომსვლელთა ნაკადის კონტროლი.

რუსებისთვის ვიზების შეზღუდვის საკითხი ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში ბოლო დღეებში დაისვა აქტიურად, მაგრამ საიმისოდ, რომ ეს ზომა რუსეთის მიმართ მორიგ სანქციად იქცეს, ბლოკის 27-ვე წევრის თანხმობაა საჭირო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები