Accentnews.ge
3 საკითხი, რომელიც პრეზიდენტის აზრით, პრემიერმა უნდა შეასრულოს

3 საკითხი, რომელიც პრეზიდენტის აზრით, პრემიერმა უნდა შეასრულოს

01/09/2022 17:01:34 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელსა და აშშ–ს ეწვევა, სადაც, "მან უნდა გააქარწყლოს ის ეჭვები, რაც საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს".

„ახლა იწყება ძალიან სერიოზული მომენტი. ერთ კვირაში ჩატარდება ასოცირების საბჭო, სადაც სჩვევია, პრემიერი იქნება წარდგენილი, მიწვეული და ეს იქნება პირველი მნიშვნელოვანი შეხვედრა ზაფხულის რეკომენდაციების მერე. კიდევ ერთხელ უნდა გავუსვა ხაზი, ჩემთვის უცნაურია, რომ ხელისუფლებიდან, მთავრობიდან არავინ ჩასულა ბრიუსელში, რომ ამ 12 რეკომენდაციებზე პირველადი გასაუბრება მაინც ყოფილიყო. შეიძლება, ყველაფერი არ იყოს იმ ფორმით მისაღები, რეალისტური, შეიძლება, რაღაც არის გადასახედი. ჯერჯერობით ეს რეკომენდაციები იმ დღეშია, თითქოს ისეთი ფორმით იყოს მოწოდებული, რომ ყველაფერი ჩაბეტონებულია. მე ვიცი, რომ არ არის ასე და ყველაფერზე, ყოველთვის შეიძლება მოლაპარაკების ჩატარება. ეს იქნება პირველი საშუალება, რომ რაიმე სერიოზული საუბარი შედგეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ეს მომენტი არ შეიძლება, დაიკარგოს. ძალიან ნათელი ნაბიჯებია გადასადგმელი პრემიერისთვის, მთავრობისთვის და უმრავლესობისთვის და ეს არის ისეთი აუცილებლობა, მეტი რომ არ შეიძლება", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა დაასახელა სამი საკითხი, რომელიც, მისი თქმით, პრემიერმა უნდა შეასრულოს.

  • "პირველ რიგში, პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა უნდა გაემიჯნონ იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან. არ შეიძლება, ჩვენ ერთი ხელით ვითხოვდეთ ევროპულ პერსპექტივას და მეორე მხრივ, ვლანძღავდეთ ჩვენს ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებს, ევროპის კომისიას და ვაბრალებდეთ ევროპელებს თუ სხვა პარტნიორებს, ვითომ მათ უნდათ ჩვენი ჩართვა ომში და ეს არის მათი მიზანი. ეს უნდა იყოს ნათქვამი ძალიან მკაფიოდ, არავის არ უნდა ჩვენი ომში ჩართვა და არც არავის სჭირდება. ეს არის ისეთი მოგონილი ტყუილი, როგორიც მგონი, საბჭოთა პროპაგანდის მანქანის დასრულების შემდეგ არავის სმენია. ცოტა მოვიდეთ გონზე, არ გვინდა ამ რაღაცების მოგონება. არ ვიცი, ამით ვინმე თუ ფიქრობს, რომ საზოგადოებას რამენაირად შეუცვლის აზრს. აქ არის საჭირო ყველა ეჭვი, რაც შეიქმნა ამ ყველაფრის გამო, სანქციებზე, ომის თემაზე, რომელიც ძალიან გაუგებარია ყველასთვის, ვინც გარედან გვიყურებს, ეს არის მომენტი, როცა უნდა გაიფანტოს ეს ტყუილები, ეჭვები, ყველაფერი, რაც ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს რეპუტაციაზე, ნდობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ეს არის, რაც ევალება პრემიერს, როცა ჩავა ბრიუსელში.
  • კიდევ ერთი, რაც ევალება პრემიერს, ეს არის გეგმის წარდგენა 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით. უკვე აღარ არის დრო კალენდრების, იმას გავაკეთებთ, ამას გავაკეთებთ, რა გეგმით ვასრულებთ იმ 12 რეკომენდაციას, თუ იმ რეკომენდაციების რაღაც მთავარ ნაწილს. როგორ ვაჩენთ ჩვენ საქართველოს პოლიტიკურ ნებას, რომ ამ გზაზე შევდგეთ და მართლაც მივიდეთ ბოლომდე. ეს არის ის, რაც უნდა დაუმტკიცოს ბრიუსელში ჩვენ პარტნიორებს, დაინახონ, რომ საქართველო სერიოზულად დგას ამ გზაზე. სხვა ალტერნატივა არ არსებობს.
  • და ბოლოს, 3 კვირაში იმართება გაერო–ში გენასამბლეა, როგორც ჩანს, პრემიერი იქაც აპირებს, წარადგინოს საქართველო. ასეც იყოს, თუ ასე მიაჩნია. მაგრამ იქ მთავარი საკითხი იქნება უკრაინა და იქაც ჩვენ უნდა გავფანტოთ ყველა ეჭვი, რაც შეიქმნა ჩვენს მიმართ. ვიცით, ჩვენ სოლიდარობის გამოჩენა თუ არ ვიცით. სოლიდარობა არ ნიშნავს მეორე ფრონტს, არ ნიშნავს ომში ჩართვას, სოლიდარობა არის ის, რაც საქართველომ კარგად იცის, როცა მეგობარი არის ომში ან ბრძოლაში. სოლიდარობა არის ის, რომ ზურგში არ უნდა გააკრიტიკო, რომ უნდა იდგე მორალურად მის გვერდით, სხვას არაფერს არავინ არ გთხოვს, არც დამატებით სანქციებს, ესეც ტყუილია, არც რამე ჩვენი ჩართვა რამეში, მაგრამ ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც ეკადრება საქართველოს, ჩვენს წარსულს, ჩვენს ღირსებას, ჩვენ მეგობრულ ურთიერთობას წლების მანძილზე იმ ქვეყანასთან, რომელიც ჩვენსავით ოკუპირებულია. ეს არის ის, რაც უნდა გამოვაჩინოთ ნიუ–იორკში, გაერო-ში, რადგან იქ სხვა თემა არ იქნება. ოკუპაცია, ომი, ყველა ქვეყნები გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას და ნათელი უნდა იყოს დღეს უკვე, რომ არჩევანი ძალიან მარტივია – ჩვენ გვინდა, ვიყოთ აღქმული როგორც ქვეყანა, რომელიც ნაწილია ევროპული ოჯახის, ევროპული ღირებულებების, რომელიც არის მონაწილე ერთეული იმ ცივილიზებულ, დემოკრატიულ, თავისუფალ სამყაროსი, თუ სადღაც კიდევ ვმერყეობთ. ეს არის ის, რაც უნდა გამოჩნდეს უახლოეს დღეებში, უახლოეს კვირაში, უახლოეს თვეში და ამაზე პასუხისმგებლობა არის ყველასი ერთად, რადგან ოპოზიცია უნდა გამოვიდეს თავისი რაღაც გაუგებარ ბოიკოტ თუ გვერდზე ვიხედები, რადგან ყველა იქნება პასუხისმგებელი. მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობა ცხადია, ხელისუფლების არის. მოსახლეობა, საზოგადოება და მეც პირადად ვუყურებთ რა ხდება, როგორ მოხდება და ამ შანსის ჩაგდებას არავინ არავის აპატიებს", – განაცხადა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S