Accentnews.ge
საქართველო – იაპონიის ურთიერთობების 30 წელი: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები

საქართველო – იაპონიის ურთიერთობების 30 წელი: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები

02/09/2022 08:02:39 ინტერვიუ

წელს საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიურმა ურთიერთობებმა 30 წელი მიითვალა. ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე ეს ურთიერთობა მჭიდრო პარტნიორობაში გადაიზარდა – იაპონია აღმოჩნდა საქართველოსთვის საიმედო დახმარების კონტრიბუტორი; ტოკიო იყო და რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერად და არც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე არაკანონიერ მოვლენებს ტოვებს ყურადღების მიღმა. მაინც რა მიღწევებია ამ ურთიერთობებში? რა გამოწვევები და პერსპექტივები იკვეთება?– ამ და სხვა საკითხებზე „აქცენტი“ მარიამ ბიბილაშვილს ესაუბრა – ცუკუბას უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დოქტორს, რომელიც ამჟამად აფილირებულია იაპონური და ევრაზიული კვლევების სპეციალურ პროგრამასთან. მისი ძირითადი მიმართულებაა საერთაშორისო ურთიერთობები და საგარეო პოლიტიკა. მას აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო კვლევებში ცუკუბას უნივერსიტეტიდან.

მარიამ ბიბილაშვილი: დიპლომატიური ურთიერთობების სამი ათწლეულის განმავლობაში იაპონია საქართველოსთვის უცხოური განვითარების დახმარების სანდო წყაროდ იქცა. შეზღუდული თანამშრომლობის პერიოდს (1992-1996) მოჰყვა შედარებით უფრო აქტიური ფაზა (1997-2005), რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ეკონომიკურ მხარდაჭერას. 2006 წლის შემდეგ კი, ქართულ-იაპონურ ურთიერთობებში აგრეთვე გაჩნდა მრავალმხრივი დონე, რასაც თან ახლდა პოლიტიკური მხარდაჭერა, ეკონომიკურ დახმარებასთან ერთად.

იაპონია 1992 წლიდან დღემდე საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია საგარეო დახმარების კუთხით. იაპონიას ინვესტიციები აქვს ჩადებული მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ქართველ ექსპერტთა გადამზადების პროგრამებში და აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და მთლიანობას. სწორედ იაპონიამ დააფინანსა აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილის პროექტი, რომელიც ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (TRACECA) კრიტიკული ნაწილია და ხელს უწყობს საქართველოს, როგორც აზია-ევროპის დამაკავშირებელი რგოლის, პოტენციალის გაზრდას.

– რამდენად არის თანაფარდობაში ეს მიღწევები პოტენციალთან, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს აქვს?

– მიუხედავად მიღწეული არაერთი წარმატებისა, ჯერ კიდევ დიდი სივრცე არსებობს ურთიერთობების გასაღრმავებლად. ამ ურთიერთობებს გააჩნია სერიოზული პოტენციალი ტრანსფორმირდეს მხოლოდ დონორისა და მიმღების ურთიერთობებიდან თანასწორ პარტნიორობამდე, რაც დაეფუძნება საერთო ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და საბაზრო ეკონომიკა. ვაჭრობა, ინვესტიციები, აკადემიური თანამშრომლობა, ტურიზმი იმ სფეროთა მცირე ჩამონათვალია, რომლებშიც ორმხრივი ურთიერთობების პოტენციალი ჯერ კიდევ ასათვისებელია.

– რა არის იაპონიის ძირითადი ინტერესი ჩვენს რეგიონში, რაც შესაძლოა, თანხვედრაში მოვიდეს ოფიციალური თბილისის ინტერესებთან?

– შესაძლოა,საქართველო იაპონური საქონლისთვის შედარებით მცირე ბაზარს წარმოადგენს, მაგრამ მას შეუძლია იაპონიის დაინტერესება ხელსაყრელი ბიზნესკლიმატითა და სტრატეგიული ადგილმდებარეობით აღმოსავლეთ-დასავლეთის შემაკავშირებელ კვანძში. გარდა ამისა, საქართველოსაც და იაპონიასაც აქვთ მიმდინარე ტერიტორიული კონფლიქტების გამოწვევა. აგრეთვე, საქართველო იზიარებს იაპონიის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს აშშ-სა და ევროკავშირთან ძლიერი კავშირების შენარჩუნების თაობაზე. აღნიშნული მიმართულებებით თანამშრომლობა იაპონიისთვის, ისევე როგორც საქართველოსთვის, მომგებიანი შეიძლება, იყოს.

– ვიცით, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიას სამხედრო მიმართულებით რიგი შიდა და გარე შეზღუდვები ჰქონდა. დაახლოებით 10 წლის წინ საქართველოს ჰქონდა უშედეგო მცდელობა მასთან სამხედრო ურთიერთობის გაღრმავების. თუმცა, ვითარება იცვლება, მათ შორის, მსოფლიოში. აქ მნიშვნელოვანია ჩინეთის ფაქტორი და უშუალოდ რეგიონში მიმდინარე ომი. ფიქრობთ, რომ ხსენებული კუთხით თბილის–ტოკიოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას რესურსი აქვს?

– ვინაიდან იაპონია გლობალურ პოლიტიკურ მოვლენებში აქტიური მონაწილეობით არ გამოირჩევა, განსაკუთრებით სამხედრო თვალსაზრისით, ძნელი წარმოსადგენია ამ მიმართულებით კოლაბორაცია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ იაპონიას წვლილი აქვს შეტანილი რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობაში, NATO-ს “პარტნიორობა მშვიდობისთვის” პროგრამის ფარგლებში. ასევე, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული აგრესიის კონტექსტი შესაძლოა, დამატებით შესაძლებლობას ქმნიდეს თანამშრომლობის ახალი არხების გაჭრისთვის.

– ვიცით, რომ ჩვენს ეკონომიკაში ასე ვთქვათ, სტუმარ–მასპინძლობის სექტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თავად იაპონელებისგან მსმენია, რომ ქართველი სუმოისტის ტოჩინოშინის (ლევან გორაძე) კარიერულმა წინსვლამ საკმაოდ შეუწყო საქართველოსადმი ინტერესს იაპონელებს შორის, მაგრამ რამდენად ცნობადი და საინტერესოა საქართველო იაპონელებისთვის ამ მიმართულებით?

– სამწუხაროდ, იაპონურ ბიზნეს და პოლიტიკურ წრეებში საქართველოს ცნობადობის დაბალი დონე ჯერ კიდევ დიდი გამოწვევაა ორმხრივ ურთიერთობებში. მიუხედავად იმისა, რომ სუმოისტებისა თუ ამჟამინდელი საქართველოს ელჩის წყალობით, საქართველოს შესახებ ცნობადობა ნელ-ნელა იზრდება, მასშტაბურად ჯერ კიდევ არ იცნობს იაპონელი ხალხი საქართველოს.

– უშუალოდ რეგიონში მიმდინარე მოვლენები უქმნის რაიმე სახის გამოწვევებს ჩვენს ურთიერთობებს?

– უნდა ითქვას, რომ იაპონია საქართველოს არ განიხილავს, როგორც ცალკეულ საერთაშორისო მოთამაშეს (ალბათ, გეოგრაფიული თუ ეკონომიკურ-პოლიტიკური სიმცირიდან გამომდინარე). არამედ, ახორციელებს რეგიონულ პოლიტიკას, რომლის ქვეშაც ერთიანდება სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფო. ამ მხრივ, ის ფაქტი, რომ კავკასიის რეგიონი ხასიათდება კონფლიქტებითა და სოციო-პოლიტიკური თუ ეკონომიკური არასტაბილურობით, მნიშვნელოვნად ზღუდავს იაპონიის ნდობას საქართველოსადმი, როგორც პოტენციური პარტნიორისადმი.

– და ბოლოს, შემაჯამებლად ვისაუბროთ პერსპექტივებზე – როგორ ხედავთ მას? რა არის ის მაქსიმუმი, რომელიც შეიძლება, რომ ორივე მხარემ მიიღოს ერთმანეთისგან? რისი შეთავაზება შეგვიძლია ერთმანეთისთვის?

არსებობს ურთიერთობათა გაღრმავების პოტენციალი ვაჭრობისა და ინვესტიციების, ენერგეტიკული სექტორის, ტექნოლოგიების და ექსპერტიზის გაცვლის, ისევე როგორც პოლიტიკური დიალოგის მიმართულებებით. ის ფაქტი, რომ იაპონიასაც და საქართველოსაც აგრეთვე გააჩნიათ ტერიტორიული დავები რუსეთთან, უკეთ უნდა აისახოს ორმხრივ თანამშრომლობაში.

ამ ორი ქვეყნის პარტნიორობის ყველაზე დიდი პოტენციალი გახლავთ იაპონია-ევროკავშირის თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს როლის წინ წამოწევა, რაც უნდა დაეფუძნოს პროდასავლურ პოლიტიკურ კურსს და გამყარდეს ქვეყანაში სოციო-პოლიტიკური თუ ეკონომიკური სტაბილურობის შექმნით. რა თქმა უნდა, ამას თან უნდა ახლდეს აქტიური მცდელობები და ინიციატივები, რათა გავზარდოთ იაპონიის და იაპონური ბიზნეს სექტორის დაინტერესება საქართველოთი. კიდევ ერთი აუთვისებელი სფეროა აკადემიური თანამშრომლობა, რასაც ასევე დიდი პოტენციალი შეიძლება, ჰქონდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S