ზარქუა – „ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებებზე: "ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არ არის სწორი"
02/09/2022 11:23:11 პოლიტიკა
"პინგ-პონგი საელჩოსა და ამ ოთხეულს შორის ამერიკასთან ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებს ვერაფერს დააკლებს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, "უმრავლესობის არც ერთ წარმომადგენელს, არც პრემიერს არასდროს უთქვამს, რომ აშშ-ს უნდა ომი საქართველოში",
„ოთხეულის პოზიცია მათი პოზიციაა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ აშშ, ისევე როგორც დასავლეთის ქვეყნები, ყველანი არიან ჩვენი პარტნიორები, რომლებიც მშვიდობისთვის და ჩვენი განვითარებისთვის არაერთ პროექტში იღებენ მონაწილეობას. გარკვეული განსხვავებული მოსაზრებები რომ აქვთ მათ შორის, ე.წ. ოთხეულს, ამაში საგანგაშოს ვერ ვხედავ. თემაა ის, რომ კითხვები იყო და პასუხი გაეცა. მგონია, რომ ამერიკის საელჩოსა და ამ ოთხეულს შორის პინგპონგი ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებს ვერაფერს დააკლებს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არ არის სწორი. პრემიერმა სწორედ ის თქვა, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამისთვის მადლობელი ვართ, თუმცა იქ, სადაც საკრიტიკო იქნება, არ მოვერიდებით და გავაკრიტიკებთ, მაგრამ სადაც ჩვენი მხარდამჭერია, ესეც ცალსახად, ნათლად უნდა ითქვას. თქვენ საერთაშორისო, მათ შორის მეგობრებისგან, უკრაინისგან არასოდეს მოგისმენიათ განცხადება, რომ საქართველოში მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას? უმრავლესობის არც ერთ წარმომადგენელს, არც პრემიერს არასდროს უთქვამს, რომ ამერიკას უნდა ომი საქართველოში. ოთხეულის განცხადებაზე ოთხეულს მიმართეთ. სამწუხაროდ, არიან ჯგუფები, რომლებიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ცდილობენ და ეს არაერთხელ ითქვა. საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის არც ერთი განცხადება არ იყო, რომ ამერიკა იწყებდა ომს საქართველოში. ვინც ამბობდა, მათ ჰკითხეთ, რის საფუძველზე ამბობდნენ. ჩვენ ვამბობდით, არიან გარკვეული ჯგუფები, ვინც ომის პროპაგანდას ეწევიან ქვეყნის შიგნით და გარეთ, „ენჯეოები“ და გვარები ისედაც გითხარით. ჩვენ ახლა კინკლაობის დრო არ გვაქვს, ჩვენი მთავარი პარტნიორია აშშ, რომელიც არაერთი პროგრამის მონაწილეა, საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერია და ამ ურთიერთობებს უნდა გავუფრთხილდეთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.


