კრამერი: სასაცილოა იმის მტკიცება, თითქოს აშშ-ს საქართველოს ომში ჩათრევა სურს, ვინც ამას ამბობს, კრემლის პროპაგანდას იმეორებს
04/09/2022 12:19:43 პოლიტიკა
რუსული პროპაგანდა ცდილობს შეერთებული შტატები და ევროპა დაადანაშაულოს. რა თქმა უნდა, აბსურდია იმის თქმა, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველოს ომში ჩართვა. საქართველოს უკვე ჰქონდა ომი, მას კიდევ ერთი ომი არ სჭირდება, - ამის შესახებ საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა სოფელ ოძისში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან განაცხადა.
„ვფიქრობ, ჩვენ ვნახეთ ქართველი ხალხის მიერ უკრაინის მიმართ გამოხატული სოლიდარობა. ჩვენ ვნახეთ ათასობით ქართველი უკრაინის მხარდასაჭერად ქუჩაში გამოსული. ვფიქრობ, იყო გარკვეული შეშფოთება მთავრობის დონეზე, მაგრამ აბსოლუტურად სასაცილოა ვინმესთვის იმის მტკიცება, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოს ომში ჩათრევა სურს. ვინც ამას ამბობს, კრემლის პროპაგანდას იმეორებს“, - დასძინა კრამერმა.


