თურქეთის საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელი: "დერეფანში სამმა კალათბურთელმა შეუტია ჩვენს ერთ მოთამაშეს"
05/09/2022 08:08:37 პოლიტიკა
თურქეთის საკალათბურთო ნაკრების მეორე მწვრთნელი ჰაკან დემირი ირწმუნება, რომ ქართველი კალათბურთელები თურქ კალათბურთელს დაუპირისპირდნენ.
მისი თქმით, გუშინ თბილისში მიმდინარე ევრობასკეტზე თამაშისას თურქი და ქართველი კალათბურთელები ფურკან კორკმაზი და დუდა სანაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ისინი მსაჯებმა და თანაგუნდელებმა გააშველეს და ორივე მათგანმა დისკვალიფიკაცია მიიღო.
როგორც მწვრთნელი ჰყვება, თურქ და ქართველ კალათბურთელებს შორის დაპირისპირება გასახდელშიც გაგრძელდა:
"საქართველო ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. მოთამაშეები ერთმანეთთან კარგად არიან, მაგრამ მოედანზე იყო დიდი დაძაბულობა. ეს დასაშვებია, თუმცა ის, რაც მოედნის მიღმა, გასახდელისკენ მიმავალ დერეფანში მოხდა, დაუშვებელია. სამმა კალათბურთელმა შეუტია ჩვენს ერთ მოთამაშეს. ჩვენ აქ კალათბურთის სათამაშოდ ჩამოვედით და არა კრივის. ძალიან გაღიზიანებულები ვართ უსაფრთხოების არასათანადო უზრუნველყოფით, რაც დღეს გამოვცადეთ. ჩვენ ამ საკითხს ბოლომდე მივყვებით".
ამასთან, მისი თქმით, მატჩი 22 წამით ნაკლებ ხანს გაგრძელდა და ორივე საკითხზე ისინი ბრძოლას აპირებენ.
თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ომერ ონანი უსაფრთხოების კამერების ჩანაწერების მათთვის გადაცემას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ევრობასკეტის დატოვებით იმუქრება.
საქართველოს ნაკრების წევრი და მომხდარი ინციდენტის მონაწილე დუდა სანაძე კი ამბობს, რომ დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კორკმაზს უთხრა, რომ ჯარიმა სულელური იყო.
„მე ვუთხარი, რომ სულელური ჯარიმა იყო და ასეთი რეაქცია ჰქონდა. გულწრფელად რომ გითხრათ, გაკვირვებული ვიყავი, ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით. ის განაგრძობდა ყვირილს და მეძახდა, რომ გასახდელში მნახავდა. ეს ძალიან ცუდი ინციდენტი იყო. ჩვენ მეგობრული ქვეყანა ვართ და ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. მაგრამ პარკეტზე ემოციები ჭარბობდა“, – თქვა სანაძემ გამოცემა Totalbasket-თან.
გუშინ თბილისში მიმდინარე ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებმა თურქეთი ორი ოვერტაიმის შემდეგ ანგარიშით 88:83 დაამარცხა. მატჩის ბოლოს მსაჯთან აგრესიული კამათისთვის მოედნიდან გააძევეს სტუმართა მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი


