მეზვრიშვილი: "ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების მაშველ რგოლად თავად იქცა"
05/09/2022 09:11:41 პოლიტიკა
პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ "ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების „მაშველ რგოლად“ თავად იქცა".
მისი თქმით, „საქართველოსთვის“ შეეცდება უმრავლესობასაც და ოპოზიციასაც აუხსნას, რომ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის კომპრომისი აუცილებელია.
"გენერალური პროკურორის არჩევის წესი 12 პუნქტის შესრულებისთვის თავის ასარიდებლად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და მოტყუების მცდელობაა. "ქართულმა ოცნებამ“ შესანიშნავად იცის, რომ ცალკე აღებული ეს ნაკლოვანი წესი შედეგს ვერ მოიტანს, დეოლიგარქიზაციისკენ მიმართული სხვა ცვლილებების – სუს-ის და სასამართლოს დეპოლიტიზირების, კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის და სხვა ცვლილებების გარეშე. სამწუხაროდ, „ოცნების“ ეს ცვლილება, ოპოზიციის ცალკეული ნაწილის მხრიდან პირადი ინტერესით ვაჭრობის საგანი გახდა. ოპოზიციის ნაწილი, რომელიც გვადანაშაულებს იმაში, რომ „ოცნების“ მაშველი რგოლი ვართ, 12 პუნქტის რეალური შესრულებისთვის ბრძოლის გამო ხელისუფლების მაშველ რგოლად თავად იქცა, დაიწყო რა პარლამენტში ადგილებისთვის ვაჭრობა”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
მისი თქმით, პარტიას მიზნის მისაღწევად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ კომიტეტებში მუშაობა გაგრძელდეს ერთიან ფორმატში და ორივე მხარემ შეცვალოს სტრატეგია და პირად ინტერესზე მაღლა დააყენოს ქვეყნის ევროპული მომავლის ინტერესი.
"პარტია საპარლამენტო კომიტეტებში 12 პუნქტის რეალურად შესასრულებლად მუშაობას აქტიურად გააგრძელებს. ამავდროულად, მხარს დავუჭერთ ოპოზიციის მიერ ინიცირებულ იმ ინიციატივებს, რაც რეალურ ცვლილებამდე და ევროპულ მომავლამდე მიგვიყვანს”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.


