ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბრიუსელში მიემგზავრება
05/09/2022 10:22:46 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად დღეს ბრიუსელში მიემგზავრება.
როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.
„რა თქმა უნდა, ჩვენ საუბარი გვექნება ყველა იმ პროგრესზე, რეფორმაზე, რომელზეც ახლა ვმუშაობთ. ასევე, ბუნებრივია საუბარი გვექნება იმ 12 რეკომენდაციაზე, რომელზეც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში ჩვენი მმართველი პარტიის მიერ. რა თქმა უნდა, ასევე საუბარი შეეხება ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციას, როგორც პოლიტიკურს, ისე ეკონომიკურს, ზოგადად რეგიონში არსებულ გამოწვევებს უკრაინის ომთან დაკავშირებით და მის შესაძლო გავლენებს მთელ რეგიონზე, მთელ ევროპაზე. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ დეტალურად წარვუდგენთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ჩვენ მიერ მიღწეულ პროგრესს“, - აცხადებს ღარიბაშვილი.


