"საქართველოში უნდა დასრულდეს ცუდი ტრადიცია, როდესაც არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა დამარცხებულს ციხეში სვამს"
05/09/2022 14:40:20 პოლიტიკა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ "საქართველოში უნდა დასრულდეს ცუდი ტრადიცია, როდესაც არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა დამარცხებულს ციხეში სვამს". ამის შესახებ მან თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე "დიდება უკრაინას!" განაცხადა.
"საქართველოში უნდა დასრულდეს ეს ცუდი ტრადიცია, როდესაც არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა დამარცხებულს ციხეში სვამს. ამისთვის დროს არ უნდა ხარჯავდეთ. ყველა პოლიტიკური პარტია უნდა ფიქრობდეს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებზე და არა თავის ვიწროპარტიულ ინტერესებზე. თქვენ უკვე მიგიღეს ევროპულ ოჯახში, თქვენ ევროპული პერსპექტივა მოგანიჭეს და ახლა გაქვთ საკმაოდ მკაფიო გეგმა, თუ რა უნდა გააკეთოთ. ჩვენ პოზიტიური გზავნილები გვჭირდება საქართველოდან. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ეს პუნქტიც ისევე უნდა შესრულდეს, როგორც დანარჩენი 11 პუნქტი. ვინ არის ოლიგარქი კონკრეტულად, ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით. მე უბრალოდ გეტყვით, რომ ოლიგარქი არის ის, ვისაც კონკრეტული პოლიტიკური პოზიცია არ უკავია და ჩრდილიდან მართავს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ეს დემოკრატია არ არის", - აცხადებს ლინკევიჩუსი.


