საქართველოში ევროკავშირის ელჩი: "დაუღალავად ვიშრომებ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდასაჭერად"
05/09/2022 14:46:35 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩობა ჩემთვის პატივი და ასევე დიდი პასუხისმგებლობაა. ჩემს გუნდთან ერთად დაუღალავად ვიშრომებ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდასაჭერად, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მიმართვაში, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობის გვერდზე გამოქვეყნდა.
მისი თქმით, პროცესში წვლილის შეტანის შესაძლებლობა უზარმაზარი პრივილეგიაა.
„გამარჯობა საქართველო! ძვირფასო მეგობრებო! საქართველოში ევროკავშირის ელჩობა ჩემთვის პატივი და ასევე დიდი პასუხისმგებლობაა. ამ თანამდებობაზე დანიშვნა ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს ემთხვევა. ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ახალ რეალობას ქმნის. ჩემს გუნდთან ერთად დაუღალავად ვიშრომებ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდასაჭერად. ამ პროცესში წვლილის შეტანის შესაძლებლობა უზარმაზარი პრივილეგიაა“, – ნათქვამია ელჩის მიმართვაში.
მანამდე ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ორბელიანების სასახლეში შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ რწმუნებათა სიგელები გადასცა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტმა ელჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა. საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. ზურაბიშვილმა ევროკავშირის ახალ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა.
პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელი იყო. მანამდე მას პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის ელჩის თანამდებობა ეკავა.
4-წლიანი საქმიანობის შემდეგ ელჩ კარლ ჰარცელს უფლებამოსილების ვადა 1 სექტემბერს ამოეწურა.


