დეკანოიძე – სანქციებზე: "ვიმუშავებთ, რომ მხოლოდ ივანიშვილის და 15 ადამიანის გარშემო არ გაჩერდნენ"

05-09-2022 20:00:55 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძისაცხადებს, რომ უკრაინის მხრიდან 12 ქართველის სანქცირების მოთხოვნა "უმნიშვნელოვანესი მოვლენაა".

როგორც დეკანოიძემ ბრიფინგზე თქვა, ისინი გააგრძელებენ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა სანქციები ქართული ოცნების იმ წარმომადგენლებზეც გავრცელდეს, რომლებიც ივანიშვილს "რუსული გავლენის" გატარებაში ეხმარებიან.

"მოგეხსენებათ, რომ სააგენტოს და უკრაინული მხარის მიერ ამ ადამიანების საერთაშორისო სქემების და რუსეთთან კავშირის გამოქვეყნებამ რეალურად არ შეიძლება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე ჰპოვოს გავრცელება, ეს სქემები, რა თქმა უნდა, გადაეცემა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ჩვენ, მე მინდა ძალიან გულწრფელად გითხრათ, რომ ამაზე ჩვენ ვმუშაობთ დიდი ხანია, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა იცოდნენ, თუ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი. უახლოეს პერიოდში ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის და ამ 15 ადამიანის გარშემო არ მოხდეს გაჩერება. არამედ, რეალურად, სანქციების ნუსხაში მოხვდეს ყველა ის ადამიანი და მათ შორის ოლიგარქიული პარტიის, 'ქართული ოცნების" ის წარმომადგენლები, რომლებიც ხელს უშლიან დასავლური ცივილიზაციის ინტერესების რეგიონში წარმოჩენას, ხელს უშლიან უკრაინის გამარჯვებას და რეალურად, პარლამენტის მთავრობს თუ სხვადასხვა წარმომადგენლები ოცნების, რომლებიც ეხმარებიან ბიძინა ივანიშვილს რუსული გავლენის გატარებაში", – აცხადებს დეკანოიძე.

ექს–პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვის წევრები შესაძლოა, საერთაშორისო სასანქციო სიაში მოხვდნენ. შესაბამისი წინადადება უკრაინაში შეიმუშავეს.15–კაციანი ჩამონათვალი უკვე ჩაემატა უკრაინის კორუფციის პრევენციის საერთაშორისო პორტალ «Война & Санкции»–ზე, საიდანაც 12 ქართველია.

როგორც საიტზეა აღნიშნული, ექს–პრემიერი ივანიშვილი არის საქართველოს არაფორმალური მმართველი, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან და რუსეთის ერთ–ერთი უმდიდრესი ადამიანის – ვლადიმირ ევტუშენკოვის ინტერესებს ლობირებს რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში დახმარების გასაწევად.

უკრაინული მხარე მოითხოვს ბიძინა ივანიშვილის, ალექსანდრე ივანიშვილის, ქეთევან ხარაიძის, ირაკლი რუხაძის, გიორგი კაპანაძის, უჩა მამაცაშვილის, ტატე მამაცაშვილის, ვანო ჩხარტიშვილის, დავით ხიდაშელის, სულხან პაპაშვილის, ლევან ვასაძის, ოთარ ფარცხალაძის, ალექსეი პოლტავჩენკოს, დმიტრი კორჟევის, დმიტრი ტროიცკის დასანქცირებას.

როგორც პორტალზე გამოქეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ინფორმაცია იმ პირებისა და კომპანიების შესახებ, რომლებიც სანქციების დაკისრების რისკის ქვეშ არიან, უკრაინის სახელმწიფო უწყებების მიერ საერთაშორისო პარტნიორებს უკვე წარედგინა.

პროექტს მხარს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ანტიკორუფციული სააგენტო უჭერენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები