Accentnews.ge
კობახიძე – სანქციებზე: "აბსურდული თემაა, კომენტარის გაკეთება აბსოლუტურად არარელევანტურია"

კობახიძე – სანქციებზე: "აბსურდული თემაა, კომენტარის გაკეთება აბსოლუტურად არარელევანტურია"

05/09/2022 16:04:28 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინული მხარის მიერ 12 ქართველის სანქცირების მოთხოვნას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს თემა "აბსურდულია და კომენტარის გაკეთებაც არარელევანტურია".

კობახიძის თქმით, ხელისუფლებას აქვს თავისი ეჭვები იმასთან დაკავშირებით, თუ "საიდან, რა, როგორ ხდება, მაგრამ ამაზე საუბარი არ სურთ".

"ეს არის აბსურდული თემა და აბსურდულ თემებზე კომენტარის გაკეთებაც არის აბსოლუტურად არარელევანტური. ჩვენ მანამდეც გვახსოვს კონკრეტული ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, შესაბამისად აქ ახალი არაფერია. მათი ერთ-ერთი ლიდერი არახამია გამოდიოდა პირდაპირ ამ მოთხოვნით, სიახლე არაფერია ამაში. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეჭვები იმასთან დაკავშირებით თუ საიდან, რა, როგორ ხდება, მაგრამ არც ამაზე გვსურს საუბარი და ზოგადად ამ თემაზეც არ გვინდა კომენტარის გაკეთება. აბსურდია", - ამბობს კობახიძე.

ექს–პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვის წევრები შესაძლოა, საერთაშორისო სასანქციო სიაში მოხვდნენ. შესაბამისი წინადადება უკრაინაში შეიმუშავეს.15–კაციანი ჩამონათვალი უკვე ჩაემატა უკრაინის კორუფციის პრევენციის საერთაშორისო პორტალ «Война & Санкции»–ზე, საიდანაც 12 ქართველია.

როგორც საიტზეა აღნიშნული, ექს–პრემიერი ივანიშვილი არის საქართველოს არაფორმალური მმართველი, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან და რუსეთის ერთ–ერთი უმდიდრესი ადამიანის – ვლადიმირ ევტუშენკოვის ინტერესებს ლობირებს რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში დახმარების გასაწევად.

უკრაინული მხარე მოითხოვს ბიძინა ივანიშვილის, ალექსანდრე ივანიშვილის, ქეთევან ხარაიძის, ირაკლი რუხაძის, გიორგი კაპანაძის, უჩა მამაცაშვილის, ტატე მამაცაშვილის, ვანო ჩხარტიშვილის, დავით ხიდაშელის, სულხან პაპაშვილის, ლევან ვასაძის, ოთარ ფარცხალაძის, ალექსეი პოლტავჩენკოს, დმიტრი კორჟევის, დმიტრი ტროიცკის დასანქცირებას.

როგორც პორტალზე გამოქეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ინფორმაცია იმ პირებისა და კომპანიების შესახებ, რომლებიც სანქციების დაკისრების რისკის ქვეშ არიან, უკრაინის სახელმწიფო უწყებების მიერ საერთაშორისო პარტნიორებს უკვე წარედგინა.

პროექტს მხარს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ანტიკორუფციული სააგენტო უჭერენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S