«კრემლმა ვა-ბანკზე წასვლა გადაწყვიტა»: ექსპერტები – “ჩრდილოეთ ნაკადი-1”-ის გაჩერების შესახებ

05-09-2022 22:56:33 ანალიზი

ვაჭრობის გახსნისას ევროპაში გაზი 30%-ით – 1000 კუბ.მ-ში $2850-მდე გაძვირდა, - იუწყებოდა დღეს მედია ლონდონის ICE ბირჟის მონაცემებზე დაყრდნობით.

ფასის ესოდენი ზრდა რუსეთის მიერ “ჩრდილოეთ ნაკადის” გაზსადენით მიწოდებების სრული შეწყვეტის შედეგად იქცა.

პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა ამაზე პასუხისმგებლობა ევროპელ პოლიტიკოსებს დააკისრა რუსეთის მიმართ სანქციების შემოღების გამო და აღნიშნა, რომ სანქციების მოხსნამდე ვითარება არ შეიცვლება.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად “ჩრდილოეთ ნაკადით” მიწოდებები 31 აგვისტოს – “სამდღიანი გეგმიური ტექმომსახურების” მოტივით შეწყვიტეს. თუმცა 3 სექტებერს «გაზპრომმა» მიწოდებების სრული “გაყინვის” შესახებ განაცხადა. მოტივად ამჯერად “მორიგი ძრავის ექსპლუატაციიდან გასვლა და ავარიის შედეგების დამოუკიდებლად აღმოფხვრის შეუძლებლობა” დასახელდა.

მოგვიანებით გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “რუსეთი სანდო ენერგეტიკული პარტნიორი აღარაა”.

რუსი ანალიტიკოსი მიხეილ კრუტიხინი რუსეთის ქმედებას წმინდა წყლის შანტაჟად აფასებს, მოსკოვს სიცრუეში ადანაშაულებს და თვლის, რომ ერთ-ორ წელიწადში რუსეთს აღარაფერი შერჩება ევროპის დასაშანტაჟებლად.

“კრემლმა ვა-ბანკზე წასვლა გადაწყვიტა. ესაა რეალობა, დანარჩენი კი სიცრუე და თითიდან გამოწოვილი მიზეზებია. ის, რომ “Siemens” ვითომდა უარს ამბობს ძრავების მომსახურებაზე, სიცრუეა: ამ საქმიანობაზე არავითარი სანქციები არ ვრცელდება. გარდა ამისა, საუბარია მწყობრიდან სამი ენერგობლოკის გამოსვლაზე, მაგრამ სულ ხომ 8 ბლოკია და რა სჭირს დანარჩენებს?! ასე, რომ აქ, როგორც ჩანს, საქმე გვაქვს წმინდად პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან, ევროპას “ჩრდილოეთ ნაკადი” გადაუკეტონ. მიზანი ნათელია: აიძულონ ევროპელებს, დაიჯერონ, რომ ზამთარში “გაზპრომის” “წყალობის” გარეშე დაიყინებიან და ამ “სოუსით” სანქციების მთლად გაუქმებას თუ არა, შემსუბუქებას მაინც მიაღწიონ. როგორც ჩანს, კრემლს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ შეძლებს ევროპელების ერთიანობის მორღვევას უკრაინის დახმარების საკითხში» - თვლის ექსპერტი.

გარდა ამისა, მისი აზრით, არსებობს რუსეთის ხელმძღვანელობის სტრატეგიული, გრძელვადიანი მიზანი: აჩვენოს ევროპას, რომ რუსული ენერგომატარებლების გარეშე მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლას ვერ შეძლებს. თუმცა, ანალიტიკოსის შეფასებით, ევროკავშირის ქვეყნებს სულ წელიწადნახევარი ან ორი წელი დასჭირდებათ რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების გასანულებლად:

«დიახ, რიგი ქვეყნები ამ ვადაში ვერ ჩაეტევიან. მაგრამ ევროპაში ექსპერტები და ევროკომისია ჯერ კიდევ ათი წლის წინ საუბრობდნენ აუცილებლობაზე, შეემუშავებინათ საგანგებო გეგმა გაზის გადასროლისთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებიდან, სადაც იგი საკმარისადაა, იმ სახელმწიფოებში, რომლებშიც “გაზპრომის” ქმედებების გამო შესაძლოა, დეფიციტი წარმოქმნილიყო. ეს გეგმა ჯერ არ დამტკიცებულა, მაგრამ არსებობს ორმხრივი შეთანხმებები, მაგალითად, გერმანიასა და სლოვაკეთს შორის”.

ამავდროულად, მიხეილ კრუტიხინი დარწმუნებულია, რომ ერთ-ორ წელიწადში მოსკოვს აღარაფერი შერჩება ევროკავშირის დასაშანტაჟებლად. «თუ კრემლში მოულოდნელად საღი აზრი, ლოგიკა, საკუთარ ეკონომიკაზე ზრუნვის ვალდებულება გამოიღვიძებს და უკან დახევის აუცილებლობამდე მივლენ, უკვე გვიანი იქნება, მატარებელი ჩაივლის: იმ დროისთვის ევროპასა და დანარჩენი მსოფლიოს დიდ ნაწილს რუსული ნავთობი და გაზი აღარ დასჭირდება», – ასკვნის ექსპერტი.

ანალიტიკოსი მაქსიმ ბლანტი ამ აზრს იზიარებს და დარწმუნებულია, რომ “გაზპრომის” ქმედება ევროკავშირის ქვეყნებისთვის მოწმენდილ ცაზე მეხად არ იქცა, ევროპა მზად იყო მოვლენათა მსგავსი განვითარებისთვის და გულხელდაკრეფილი არ მჯდარა.

“რუსეთის მიერ მიწოდებების სრული შეწყვეტის ვარიანტი დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა და ევროპამ ამისათვის მეტ-ნაკლებად მომზადება მოასწრო. ევროკავშირის ქვეყნები გაზის უკმარისობის პრობლემას სხვადასხვაგვარად უმკლავდებიან. პრობლემის გადასაჭრელად უკვე მზადაა მთელი რიგი გლობალური პროექტებიც» - აღნიშნავს ბლანტი.

მართლაც, როგორც ცოტა ხნის წინ რუსეთის ეკონომიკის ექს-მინისტრმა ანდრეი ნეჩაევმაც განაცხადა, “გაზპრომის” მიერ მიწოდებების შემცირების საპასუხოდ ევროპის ქვეყნებმა ალტერნატიული მიმწოდებლების ძიება გაააქტიურეს, შედეგად გაფორმდა შეთანხმებები დამატებითი მოცულობების მიწოდების შესახებ გერმანიასა და ყატარს, იტალიასა და ალჟირს, საფრანგეთსა და გაერთიანებულ საემიროებს, მთლიანობაში ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის. ამრიგად, რუსული მიწოდებების შეწყვეტას ევროპისთვის განსაკუთრებულად მძიმე შედეგები არ ექნება.

«დიახ, ეს უარყოფითად იმოქმედებს რიგი სამრეწველო დარგების მუშაობაზე, მაგრამ სახლებში არავინ დაიყინება, როგორც კრემლის პროპაგანდისტები პროგნოზირებენ. მაღალი ალბათობით, მოსკოვი ამ ვაჭრობით მის წინააღმდეგ მოქმედი ზომების გარკვეული შემსუბუქების მიღწევას ლაობს, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, ამ კუთხით რამე გამოუვიდეს» - ამბობს მაქსიმ ბლანტი.

არსებულ ვითარებაში რუსეთი, მისი შეფასებით, მთავარ გათვლას პეკინზე აკეთებს, თუმცა ამ კუთხით შედეგის მისაღწევად სულ მცირე, რამდენიმე წელია საჭირო:

“რუსეთი ჩინეთში მიწოდებებს აქტიურად ზრდის, მაგრამ შეუძლებელია გაზის ყველა ნაკადის ევროპიდან აზიაზე ერთბაშად გადამისამართება - თუნდაც იმიტომ, რომ გაზსადენ «ციმბირის ძალის» გამტარუნარიანობა შეზღუდულია, საჭიროა მეორე ხაზის მშენებლობა, ეს კი რამდენიმე წელიწადს მოითხოვს”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები