ბენ ჰოჯესი: "გვიკვირს, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს, როგორც აგრესორს, არ გმობს"
06/09/2022 07:21:58 პოლიტიკა
ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ "უკვირს, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს, როგორც აგრესორს, არ გმობს". ამის შესახებ მან თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე "დიდება უკრაინას!" განაცხადა.
"საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, როგორ შეიძლება, საქართველომ სრულად არ დაუჭიროს მხარი უკრაინას, როგორ შეიძლება, თქვენმა მთავრობამ არ დაგმოს რუსეთი, როგორც აგრესორი. ჩვენ გვიკვირს, რომ საქართველოს მთავრობა არ გმობს რუსეთს, როგორც აგრესორს", – განაცხადა ჰოჯესმა.
მისი თქმით, საქართველოს მომავალი დაუყოვნებლივ უკეთესი ხდება, როგორც კი უკრაინა რუსეთს დაამარცხებს, ამიტომ "ყველა ისტორიის სწორ მხარეს უნდა იდგეს".
ამასთან, ჰოჯესი გამოეხმაურა ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებებს, რომ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს საქართველოში ომი სურთ, ასევე – აშშ-ის საელჩოსა და ელჩის მიმართ წაყენებულ სხვა ბრალდებებს:
„ეს არის სრული აბსურდი. ელჩი კელი დეგნანი არის ერთ-ერთი საუკეთესო დიპლომატი, პროფესიონალი და ჩვენ ვამაყობთ მისით. აშშ-ის საელჩოს დადანაშაულება და კრიტიკა სრულიად აბსურდულია“.


