ელჩი დეგნანი – უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნაზე: "ჩვენ არ ვართ ამ სანქციების შემუშავებაში ჩართულნი"
06/09/2022 08:59:08 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები არ არის ჩართული უკრანული მხარის მიერ ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნაში.
"ჩვენ არ ვართ ამ სანქციების შემუშავებაში ჩართულნი, ამის შესახებ ახლახან შევიტყვე და ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენ შეგვიძლია, დავინახოთ რომ სანქციები ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეფექტი სამომავლოდაც ექნება. როდესაც აშშ–ის მიერ სანქციები წესდება, წინასწარ ამ სანქციებს არავინ ახმოვანებს", – განაცხადა დეგნანმა.
ექს–პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვის წევრები შესაძლოა, საერთაშორისო სასანქციო სიაში მოხვდნენ. შესაბამისი წინადადება უკრაინაში შეიმუშავეს. 15–კაციანი ჩამონათვალი უკვე ჩაემატა უკრაინის კორუფციის პრევენციის საერთაშორისო პორტალ «Война & Санкции»–ზე, საიდანაც 12 ქართველია.
როგორც საიტზეა აღნიშნული, ექს–პრემიერი ივანიშვილი არის საქართველოს არაფორმალური მმართველი, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან და რუსეთის ერთ–ერთი უმდიდრესი ადამიანის – ვლადიმირ ევტუშენკოვის ინტერესებს ლობირებს რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში დახმარების გასაწევად.
უკრაინული მხარე მოითხოვს ბიძინა ივანიშვილის, ალექსანდრე ივანიშვილის, ქეთევან ხარაიძის, ირაკლი რუხაძის, გიორგი კაპანაძის, უჩა მამაცაშვილის, ტატე მამაცაშვილის, ვანო ჩხარტიშვილის, დავით ხიდაშელის, სულხან პაპაშვილის, ლევან ვასაძის, ოთარ ფარცხალაძის, ალექსეი პოლტავჩენკოს, დმიტრი კორჟევის, დმიტრი ტროიცკის დასანქცირებას.
როგორც პორტალზე გამოქეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ინფორმაცია იმ პირებისა და კომპანიების შესახებ, რომლებიც სანქციების დაკისრების რისკის ქვეშ არიან, უკრაინის სახელმწიფო უწყებების მიერ საერთაშორისო პარტნიორებს უკვე წარედგინა.
პროექტს მხარს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ანტიკორუფციული სააგენტო უჭერენ.


