არახამია – სანქციებზე: "როგორც შეგპირდი ბატონო ივანიშვილო, მუშაობას ვაგრძელებთ"

07-09-2022 14:26:42

უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელი რუსეთთან დავით არახამია მორიგ მიმართვას ავრცელებს, რომელშიც ტექნიკურად განმარტავს უკრაინის მოთხოვნას საქართველოს ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის დასანქცირების თაობაზე.

არახამია ამბობს, რომ ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობითაა დაფუძნებული და ის აშშ-ისა და ევროკავშირისთვის სანქციების ფორმულირების მთავარი წყაროა.

"ეს სააგენტო სანქციების პოლიტიკის საერთაშორისო ჯგუფში შედის. ჩემს საიტზე „War in Ukraine” ბიძინა ივანიშვილზე და მის უახლოეს გარემოცვაზე, კონკრეტულად კი იმ ბიზნესმენებზე, რომლებიც მის რეჟიმს აფინანსებენ, სანქციების დაწესების რეკომენდაცია განვათავსე. ამ პაკეტში ჯერ-ჯერობით მისი პოლიტიკური გარემოცვის წევრები არ არიან. ეს შემთხვევითობა არ არის, რადგან ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ოლიგარქისა და მისი დამფინანსებელი წყაროების წინააღმდეგ უნდა ვიმოქმედოთ, რაზეც ევროკომისიამაც რეკომენდაციის სახით უკვე ისაუბრა. ამ ადამიანებს საქართველოში ყველა იცნობს. შეუძლიათ, ინტერნეტში ამ ადამიანების სია ნახონ. ქართულმა მედიამ ეს სია უკვე გაავრცელა. ეს პირველი ეტაპია, რომელიც ვერიფიკაციის შემდეგაც ეს დოკუმენტები სანქციების საერთაშორისო ჯგუფს გადაეგზავნება. ჯგუფის წევრები ამ დოკუმენტებს გადახედავენ და მონაწილე ქვეყნები გადაწყვეტილებას ერთხმად მიიღებენ. როგორც შეგპირდი ბატონო ივანიშვილო, დიდი მოკითხვა უკრაინიდან. მუშაობას ვაგრძელებთ. ძვირფასო ქართველობო, სამწუხაროდ, თუ თქვენი ძალებით ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, ჩვენ დაგეხმარებით", - აცხადებს არახამია.

ცნობისთვის: ექს–პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვის წევრები შესაძლოა, საერთაშორისო სასანქციო სიაში მოხვდნენ. შესაბამისი წინადადება უკრაინაში შეიმუშავეს. 15–კაციანი ჩამონათვალი უკვე ჩაემატა უკრაინის კორუფციის პრევენციის საერთაშორისო პორტალ «Война & Санкции»–ზე, საიდანაც 12 ქართველია.

როგორც საიტზეა აღნიშნული, ექს–პრემიერი ივანიშვილი არის საქართველოს არაფორმალური მმართველი, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან და რუსეთის ერთ–ერთი უმდიდრესი ადამიანის – ვლადიმირ ევტუშენკოვის ინტერესებს ლობირებს რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში დახმარების გასაწევად.

უკრაინული მხარე მოითხოვს ბიძინა ივანიშვილის, ალექსანდრე ივანიშვილის, ქეთევან ხარაიძის, ირაკლი რუხაძის, გიორგი კაპანაძის, უჩა მამაცაშვილის, ტატე მამაცაშვილის, ვანო ჩხარტიშვილის, დავით ხიდაშელის, სულხან პაპაშვილის, ლევან ვასაძის, ოთარ ფარცხალაძის, ალექსეი პოლტავჩენკოს, დმიტრი კორჟევის, დმიტრი ტროიცკის დასანქცირებას.

როგორც პორტალზე გამოქეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ინფორმაცია იმ პირებისა და კომპანიების შესახებ, რომლებიც სანქციების დაკისრების რისკის ქვეშ არიან, უკრაინის სახელმწიფო უწყებების მიერ საერთაშორისო პარტნიორებს უკვე წარედგინა.

პროექტს მხარს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ანტიკორუფციული სააგენტო უჭერენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები