"ჩვენ გვყავს ანტიდასავლური, ანტიქართული ხელისუფლება, მასთან ერთად მუშაობა შეუძლებელია"
07/09/2022 13:16:05 პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა, შეიქმნას ისეთი ვითარება, სადაც განსხვავებული პოლიტიკური ძალების ერთად მუშაობა იქნება შესაძლებელი, თუმცა „ხელისუფლებასთან მუშაობა შეუძლებელია“.
„ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, ვგულისხმობ მთლიანად საზოგადოებას და პირველ რიგში, პოლიტიკურ პარტიებს (მე საკუთარ თავზე და ჩემს გუნდზე შემიძლია ვისაუბრო), არის იმ ვითარების მიღწევა, სადაც შესაძლებელი იქნება განსხვავებული პოლიტიკური ძალების ერთად დასხდომა და მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი არ მოსწონთ. თუმცა დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც მსგავსი გზავნილების ავტორებს, ევროკავშირსა და აშშ-ის მტრად მიიჩნევს. ეწევა კამპანიას, რომ ისინი ჩვენ ომში ჩართვას ცდილობდნენ, ამიტომ სულ სხვა კონტექსტია“, - განაცხადა ბოკერიამ.
მისი თქმით, სანამ ეს კონტექსტი არ შეიცვლება, სანამ არ გვეყოლება პროევროპული, პროდასავლური ხელისუფლება, რომელიც მტერს და მოყვარეს ერთმანეთში არ ურევს, მანამდე ეს უბრალოდ ვერ მოხდება ან უბრალოდ თავის მოტყუება იქნება, მათ შორის ჩვენი პარტნიორების მოტყუებაც ბრიუსელში.


