აშშ–ის საელჩო: "მოსმენების შესახებ კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა"
07/09/2022 14:58:16 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის საელჩოს განცხადებით, მოსმენების შესახებ კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა.
"საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს. ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა", – აცხადებს დიპლომატიური უწყება.
გუშინ პარლამენტმა ხსენებულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია. თავდაპირველად სხდომაზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს უყარეს კენჭი, რომელსაც მხარი მხოლოდ 20- მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 68 დეპუტატი წავიდა. შემდეგ კენჭისყრაზე დადგა პარლამენტის მიერ 7 ივლისს მიღებული და ვეტოდადებული კანონპროექტი, რომელსაც მხარი 79 - მა დეპუტატმა დაუჭირა, 27 წინააღმდეგ წავიდა.
პროექტს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს პრეზიდენტის ნაცვლად, რის შემდეგაც კანონად იქცევა.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის შეფასებით, მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა აუარესებს ევროპულ სტანდარტებს, ადამიანის უფლებებს და ზოგადად, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს:
"მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა თავის 12 პუნქტიანი რეკომენდაციები წარმოადგინა, პრემიერი დღეს პირველად იმყოფება ბრიუსელში და აწარმოებს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მოლაპარაკებებს ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. სწორედ ამ დღეს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო კანონზე, რომელიც მნიშვნელოვნად აუარესებს ევროპულ სტანდარტებს, ადამიანის უფლებებს და ზოგადად, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს ახლა დამთხვევაა თუ შეგნებულად გადადგმული ნაბიჯი, ეს უკვე საზოგადოებამ განსაჯოს“,-განაცხადა მსხილაძემ და დასძინა, „ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ქვეყნის უსაფრთხოება, უმნიშვნელოვანესია ის პრობლემები, რომელიც დღეს ქვეყნის წინაშე დგას, იქნება ეს კიბერდანაშაული თუ ა.შ. ასევე მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ბალანსი ადამიანის უფლებებსა და ქვეყნის უსაფრთხოებას შორის. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა, რაც სამწუხაროდ, პარლამენტმა არ გაიზიარა“.
პრეზიდენტი კანონმდებლებს მოქმედი კანონის უცვლელი სახით დატოვებას სთავაზობდა. პრეზიდენტის შეფასებით, მმართველი გუნდის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს აუარესებს. სალომე ზურაბიშვილი აქცენტს იმაზეც აკეთებდა, რომ კანონის მიღების პროცესი საზოგადოების ფართო ჩართულობის გარეშე წარიმართა.
პრეზიდენტი პარლამენტში წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებში იმასაც აღნიშნავდა, რომ დღეს როდესაც საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში უმნიშვნელოვანესს გადაწყვეტილებას ელის, პარლამენტის მიერ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მიღებული კანონი წინ გადადგმული ნაბიჯი არ არის და პროცესს აფერხებს.
„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილებების პროექტი პარლამენტმა 7 ივნისს დაამტკიცა და საერთაშორისო პარტნიორებისგან კრიტიკაც დაიმსახურა.
იხილეთ ასევე: ვენეციის კომისია:”მოსმენების შესახებ კანონის პროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული”
მიღებული კანონპროექტით, სისხლის სამართლის იმ დანაშაულთა ჩამონათვალი იზრდება, რომელთა მიმართებაშიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება შესაძლებელი. ასევე იზრდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვადები. გარდა ამისა, მიღებული ცვლილებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ იმ პირისთვის შეტყობინება, ვის მიმართაც ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, განუსაზღვრელი დროით შეიძლება გადავადდეს.


