ქადაგიშვილი – აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: "დალოცვილებო, წაიკითხეთ კანონები, რა"
08/09/2022 09:13:19 პოლიტიკა
„ძალიან დიდ პატივს ვცემთ აშშ-ის საელჩოს, მაგრამ, სულ მცირე, ცოტა კორექტული ფორმულირება არის საჭირო „მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი საშუალება მიიღონ”. დალოცვილებო, წაიკითხეთ კანონები, რა, რას ეხება ეს ცვლილება“, - ასე ეხმიანება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტზე და პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე აშშ-ს საელჩოს განცხადებას.
მისი თქმით, კანონპროექტი სისხლის სამართლებრივი დევნის სიტუაციაში კანონიერი ფარული მოსმენების დარეგულირებას ეხება.
"რა შუაშია მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი მექანიზმი? - საუბარია დამნაშავეზე, რომელზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. უმაღლესი სტანდარტებით არის დარეგულირებული, თუ როგორ უნდა მოხდეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება კანონითაც, სასამართლოთით. ზოგადი განცხადებები აზიანებს ნორმალურ პროცესს. კანონპროექტით ფარულ მოსმენებზე საგამოძიებო ორგანოთა უფლებამოსულებები არ იზრდება. როგორი უფლებამოსულებაც იყო, ზუსტად იგივე რჩება, მხოლოდ რეგულაციები იცვლება, ოღონდ რა კუთხით - იცვლება გამჟღავნების თარიღი, ფარული მიყურადების ხანგძლივობა. ასევე საკმაოდ მძიმე მუხლები ემატება: - ქურდული სამყარო, ტერორიზმი, ნარკოვაჭრობა, ძალადობა და ა.შ. რომელი მუხლია სუსტი? - არც ერთი. ვეტოს დაძლევის წინ კომიტეტში მოსმენა იყო. ვინც ესწრებოდა, მათგან ერთი სამართლებრივი არგუმენტი მაინც მოისმინეთ, სადაც წერია, რომ ცვლილებები საერთაშორისო სტანდარტს არღვევს ან ადამიანის უფლებებს აუარესებს?! ხომ შეიძლება, ზოგადი პოლიტიკური განცხადების უკან ერთი სამართლებრივი არგუმენტი მაინც იყოს მოყვანილი?! - არის ანგარიჟირებული პოლიტიკური შეტევის მცდელობა. სირცხვილია, რომ კანონს ვეტო ეხება და მოტივირებულ ვეტოს ერთი მოტივირებული შენიშვნა არ ახლავს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აცხადებს, რომ აღნიშნული კანონი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას აშორებს და უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები:
„პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს. ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა“.


