Accentnews.ge
“მშვიდობის წყარო” საქართველოს პრობლემებს შეუქმნის?

“მშვიდობის წყარო” საქართველოს პრობლემებს შეუქმნის?

12/10/2019 08:42:44 თვალსაზრისი, ანალიზი

თურქეთმა სირიაში ქურთული სამხედრო ფორმირებების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. დარტყმების სამიზნედ იქცა ანკარის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად მიჩნეულ “ქურთისტანის შრომის პარტიასთან” დაკავშირებული ძალების კონტროლქვეშ არსებული 200-მდე ობიექტი. არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. მსოფლიო თანამეგობრობის რეაქცია მყისიერი აღმოჩნდა: თურქეთის მოქმედება დაგმეს საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა – ევროკავშირმა და ამერიკელმა პარლამენტარებმა. თურქული ოპერაციის დაწყებაზე მთელი ბოლო დღეების განმავლობაში მიდიოდა საუბარი, განსაკუთრებით - აშშ-ის განცხადების შემდეგ სირიის ომში მონაწილეობის შეწყვეტის თაობაზე. ამასთან, ამერიკულმა სენატმა ანკარის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღება არ გამორიცხა.

სირიაში შეჭრის მთავარი მიზანი თურქეთის სამხრეთ რეგიონების მომიჯნავე ტერიტორიების ქურთული შენაერთებისგან გაწმენდა, ხოლო შემდეგ 500 კმ-მდე სიგრძისა და 30 კმ-მდე სიღრმის უსაფრთხოების ზონის შექმნაა, სადაც შემდგომში თითქმის 4 მლნ სირიელი დევნილი უნდა განთავსდეს.

ოპერაციამ «მშვიდობის წყარო» საკმაოდ დიდი მღელვარება გამოიწვია  მსოფლიო თანამეგობრობაში. ბრიუსელმა ანკარის მოქმედება მკაცრად დაგმო და ამ ოპერაციას “მადესტაბილიზირებელი ფაქტორი” უწოდა.

თურქეთის ლიდერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპასუხოდ მიანიშნა, რომ ბრიუსელის აზრი არ აინტერესებს და დაიმუქრა: თუ ევროკავშირი მისი ნაბიჯების კრიტიკას გააგრძელებს, ის სირიელ დევნილებს  საზღვრებს გაუხსნის და ევროპელები ცუდ დღეში აღმოჩნდებიან:

«ევროკავშირო, ბოლოს და ბოლოს, გონს მოდი. ევროკავშირში არასოდეს ყოფილან გულწრფელები, მუდმივად გვატყუებდნენ. თუ ისინი იტყვიან, რომ ეს ოპერაცია ჩვენი მხრიდან ოკუპაციაა, ჩვენ დევნილებს კარს გავუღებთ».

აი, ვის აზრსაც ერდოღანი იძულებულია, ანგარიში გაუწიოს, ეს რუსეთია: ანკარა მოსკოვის ერთ-ერთი პარტნიორია სირიის დარეგულირების საკითხებში. საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დაწყებამდე ერდოღანი  ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ პუტინს, რომელმაც მას მოუწოდა, “გულდასმით შეაფასოს ვითარება, რათა ზიანი არ მიადგეს სირიის კრიზისის მოსაგვარებლად მიმართულ ერთობლივ ძალისხმევას”.

თუმცა მოსკოვის შეშფოთება მეტწილად ხელოვნურია, - თვლიან ექსპერტები, - რადგან თურქეთის მოქმედება მოსკოვის ინტერესებს პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის და მეტიც, ანკარის აქტივობა შესაძლოა, კრემლისთვის გეოპოლიტიკური სარგებლის წყაროდაც კი იქცეს.

თურქოლოგ სანდრო ბაკურაძის აზრით, არსობრივად, თურქეთი ახლა მოსკოვის სასარგებლოდ თამაშობს:

«ის, რომ რუსეთი სირიის ტერიტორიაზე თურქეთის მიმართ პასიურობას იჩენს, არ ნიშნავს, რომ თურქეთი იქ მთავარ როლს შეასრულებს. მეტად სავარაუდოა, რუსეთმა და ირანმა ანკარა სირიიდან ამერიკელების განსადევნად გამოიყენონ».

ვაშინგტონის მხარდაჭერის იმედად ქურთები ვერ იქნებიან, რადგან აშშ-ის პრეზიდენტმა დინალდ ტრამპმა თურქული შეტევების ზონიდან ამერიკული ჯარის გაყვანის შესახებ გამოაცხადა. და მიუხედავად იმისა, რომ თეთრი სახლის ლიდერმა ერდოღანის ნაბიჯს “ცუდი იდეა” უწოდა, თურქ კოლეგასთან სამხედრო-პოლიტიკურ კლინჩში შესვლას ტრამპმა თავი აარიდა:

«ამ რაიონში ჯარისკაცები არ გვყავს. თურქეთს სამი წლის განმავლობაში ვესაუბრებოდით. როგორც იცით, ისინი ერთმანეთს საუკუნეების განმავლობაში ებრძოდნენ და ჩვენ ჩათრეულები ვიყავით ამ დაპირისპირებაში. მაგრამ ახლა დადგა დრო, ბრძოლას გამოვეთიშოთ. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ბოლოს და ბოლოს, ვიღაცამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება».

გადაწყვეტილება თავად ქურთებმაც მიიღეს: თურქულ  ჯართან ფაქტობრივად პირისპირ დარჩენილები, ისინი ანკარას “ტოტალური ომით” დაემუქრნენ. მოქმედების თურქეთის ტერიტორიაზე გადატანის მუქარა “სირიის დემოკრატიული ძალების” წარმომადგენელმა აჰმედ მუსამ გააჟღერა:

«თურქეთს მიზანში არ ამოვიღებთ, მაგრამ თუ ისინი თავდასხმებს და მიწების ოკუპაციას გააგრძელებენ, ვიმოქმედებთ ჩვენი უფლების შესაბამისად, სისხლის ბოლო წვეთამდე დავიცვათ თავი. მზად ვართ ნებისმიერი შეტევის მოსაგერიებლად».

მოსაზღვრე თურქული ქალაქები საპასუხოდ ასევე მოექცნენ ნაღმმტყორცნების ცეცხლის ქვეშ. ხოლო ქურთული შენაერთების სარდალი მაზლუმ აბდი შენიღბული ფორმით დაიმუქრა, რომ “ისლამური სახელმწიფოს” დატყვევებულ ბოევიკებს  გამოუშვებს, თან განმარტა, რომ შენაერთები, რომლებიც ტყვედ აყვანილ ტერორისტებს იცავენ, იძულებულები არიან, საზვართან გადადისლოცირდნენ, რათა თურქეთს გაუწიონ წინააღმდეგობა.

თუ ეს მოხდა, ექსპერტების აზრით, რეგიონში ტერორისტული საფრთხე მკვეთრად გაიზრდება. გარდა ამისა, მიუხედავად დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებისა, თურქული ოპერაციის ზონიდან, ხოლო შემდეგ მთლიანად სირიიდან ამერიკული ჯარები გაეყვანა, აშშ-მა შესაძლოა, ანკარას არასასიამოვნო სიურპრიზი გაუკეთოს. კერძოდ, რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა, რომელსაც კონგრესის ზედა პალატაში დიდი გავლენა აქვს, გამოთქვა მზადყოფნა, ანკარის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიული კანონპროექტი მომზადდეს, ნატო-ში თურქეთის წევრობის შეჩერების ჩათვლით. და მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე გაურკვეველია, როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები ამ სცენარით იმის გათვალისწინებით, რომ ალიანსის წესდებაში მსგავსი მექანიზმი გაწერილი არ არის, სიგნალი საკმაოდ სერიოზულია.

ნატო-თურქეთის ურთიერთობების გაციებამ შესაძლოა, ანკარა-მოსკოვის დაახლოება გამოიწვიოს, თვლის სანდრო ბაკურაძე :

«თუ საქმე მართლაც მივა სერიოზულ ამერიკულ სანქციებამდე და ეს ერდოღანს პრობლემებს შეუქმნის, იგი მოსკოვთან დაახლოებისკენ გადაიხრება, ეს უკანასკნელი კი ყველაფერს გააკეთებს, რათა თურქეთის დასავლეთთან დაახლოება არ დაუშვას».

საქართველოსთვის თურქეთ-რუსეთის დაახლოება თუ პირდაპირი საფრთხის არა, დამატებითი რისკების მატარებელია. თუმცა  უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტი გიორგი გობრონიძეთვლის, რომ თბილისმა მსხვილი სახელმწიფოების დიდ თამაშში ჩაბმას თავი უნდა აარიდოს და ეცადოს, ყველა პარტნიორთან კონსტრუქციული ურთიერთობები იქონიოს, განურჩევლად მათ შორის უთანხმოებებისა:

«ჩვენ ეს არ გვჭირდება, ჩვენ აშშ-სთან, ევროკავშირთან და თურქეთთან  ურთიერთობების საკუთარი დღის წესრიგი გვაქვს და სწორედ მას უნდა მივყვეთ. დაე, თავად გაარკვიონ თურქეთის ნატო-სა და ევროკავშირში წევრობის საკითხები. რა თქმა უნდა, მეორეს მხრივ, ურთიერთობების ეს გაციება თურქეთში არცთუ დემოკრატიულ პროცესებს გაამყარებს და აი, ამან უკვე შეიძლება, საქართველოზე ნეგატიური გავლენა იქონიოს, რადგან ჩვენი რეგიონი უფრო დახშული გახდება და აქ კიდევ უფრო მომძლავრდება ავტორიტარული ხასიათის რეჟიმები».

მიუხედავად ამისა, თუ თბილისი ამ საკითხებში კვლავაც თავაზიანი ნეიტრალიტეტის პოზიციაზე დარჩება, ექსპერტების აზრით, საქართველო პრობლემების უმრავლესობისთვის თავის არიდებას შეძლებს. თუ, რა თქმა  უნდა, რეჯეფ თაიფ ერდოღანი არ შეასრულებს მუქარას, სირიელ დევნილებს საზღვრები გაუხსნას. ასეთ შემთხვევაში ქვეყანა სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება. თუმცა ანალიტიკოსების უმრავლესობა დარწმუნებულია: თურქეთის პრეზიდენტი ასე შორს არ წავა.


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S