კობახიძე – კრამონზე: "არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან"
08/09/2022 11:34:16 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონზე ამბობს, რომ იგი "არსად არ არის შესაშვები, არათუ [ნიკა] გვარამიასთან".
"ვიოლა ფონ კრამონს რაც შეეხება, მასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ცნობილია. მისი განცხადებებით, რომელიც გასული დღეების განმავლობაში აკეთა, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, თუ რატომ გვაქვს ჩვენ ჩვენი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ. მათ შორის ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ეს რეზოლუცია და ის ნაწილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ეხებოდა, შემუშავდა ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. ახლა ასეთ რაღაცებს რომ ლაპარაკობს ადამიანი, მე მგონია, რომ ის არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან, ან ვინმე სხვასთან", - განაცხადა კობახიძემ.
საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში თბილისში ვიზიტით ყოფნისას ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიას ციხეში მონახულებაზე უარი განუცხადეს.


