„როგორ გავიქცე?“: რის გამო ჩივიან პუტინის ავანტიურაში ჩართული რუსი სამხედროები

08-09-2022 17:12:50 ეს საინტერესოა

ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ სოციალურ ქსელებში გამოჩნდა რამდენიმე ჯგუფი, სადაც სამხედროებს შეუძლიათ, ანონიმურად ან საკუთარი სახელით ისაუბრონ იმ პრობლემებზე, რომლებსაც აწყდებიან "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში" (როგორც ამას კრემლი უწოდებს) მონაწილეობის გამო და დახმარება სთხოვონ იურისტებს.

როგორც “настоящee время” აღნიშნავს, საჩივრები ასახავს რუსეთის ჯარში არსებულ სავალალო მდგომარეობას. ომის მიმდინარეობის ექვსი თვის განმავლობაში ბევრი რუსი ჯარისკაცი არ დაქვემდებარებია როტაციას; ანაზღაურება გვიანდება,; "საბრძოლო არმიის რეზერვის" მოხალისეებს, რომლებმაც კონტრაქტი საიდუმლოებით მოცულ "მენეჯმენტთან" გააფორმეს, დაჭრის შემთხვევაში კომპენსაციას არ აძლევენ ისევე, როგორც ყირიმსა და ბერგოროდში დაჭრილებს: რუსეთის ხელისუფლება ამ ტერიტორიებს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ადგილად არ აღიარებს მიუხედავად იმისა, რომ იქაც ხდება აფეთქებები.

ერთ–ერთი იურისტი მაქსიმ გრებენიუკია, რომელიც დახმარებას უწევს სამხედროებსა და მათ ოჯახებს. ამჟამად სასამართლო პროცესზე წარმოადგენს სამხედრო პირის ინტერესებს, რომელმაც "სპეციალურ ოპერაციაში" მონაწილეობაზე უარის თქმის გამო, სამხედრო ბილეთში ჩაუწერეს „მიდრეკილია ღალატისა და სიცრუისკენ“.

მაქსიმ გრებენიუკი ამბობს, რომ მარტ-აპრილთან შედარებით, როდესაც მან პირველი ინტერვიუ მისცა მედიას, ახლა გაცილებით მეტ მოთხოვნას იღებს რუსი სამხედროებისა და მათი ახლობლებისგან. რეგიონებს შორის, საიდანაც ადვოკატს დახმარების თხოვნით მიმართავენ, კავკასია და შორეული აღმოსავლეთი ლიდერობენ.

მისი თქმით, ამჟამად პირველ ადგილზეა პრეტენზიები ჭრილობების, კონტუზიებისა და დაზიანებების გამო კომპენსაციის გადაუხდელობაზე. ირკვევა, რომ სამხედროებს დოკუმენტაცია იმის შესახებ, რომ ომის დროს დაზარალდნენ, არ აქვთ, ამიტომ, მათ ამის სასამართლოს გზით დამტკიცება ესაჭიროებათ.

"მე ვარ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილე, რომელიც დაშავდა საბრძოლო მასალის ფრაგმენტით სოფელ მაისკოეში (ყირიმი) აფეთქების შემდეგ. მეკუთვნის საპრეზიდენტო ანაზღაურება? ტრავმის შემდეგ გადამიყვანეს ჟანკოის სამოქალაქო საავადმყოფოში ოპერაციისთვის, შემდეგ სიმფეროპოლში, შემდეგ კი გროზნოს საავადმყოფოში. დოკუმენტების გაფორმების შესახებ მხოლოდ გროზნოში შევიტყვე. ყველა ექიმი მეუბნება, რომ სწორედ ყირიმში იყო ტრავმის შესახებ დოკუმენტის შედგენა საჭირო, იმ სამოქალაქო საავადმყოფოში კი მხოლოდ გაწერის დოკუმენტი მომცეს“,– ჩივის ერთ–ერთი სამხედრო სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფი.

კომენტარებში უფრო გამოცდილები მას უმარტავენ, რომ ამ შემთხვევაში დოკუმენტს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დაშავდა ყირიმში, რომელსაც კრემლი რუსეთის ნაწილად მიიჩნევს და რომ მას კომპენსაციის უფლება არ აქვს. ადვოკატი კი ამ შეფასებას არ ეთანხმება. მისი თქმით, მნიშვნელობა აქვს იმას, შესაბამისი დანაყოფი ჩართული იყო თუ არა საბრძოლო მოქმედებებში. ამასთან, მნიშვნელოვანია დოკუმენტაცია დაზიანების შესახებ:

„რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მისთვის პრობლემური იქნება [კომპენსაციის] მიღება, რადგან გაუგებარია, რა გახდა მისი დაშავების მიზეზი. გარდა ამისა, მნიშვნელობა აქვს, არის თუ არა მისი ქვედანაყოფი „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილე. მაგალითად, ჩაძირული კრეისერ „მოსკვას“ [უკრაინელებმა ჩაძირეს, რასაც რუსეთი არ აღიარებს] მეზღვაურები ასევე არ აღიარეს „სპოპერაციის“ მონაწილეებად, რადგან ისინი იმ მომენტისთვის უკრაინის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ. მოგვიანებით ისინი უკანაა რიცხვით შეიყვანეს იმ სამხედრო ნაწილების სიაში, რომლებიც მონაწილეობდნენ "სპეცოპერაციაში".

ინტერნეტში იძებნება ფლოტთან დაკავშირებული საჩივრებიც. ქვეით ჯარში დეფიციტის გათვალისწინებით, რუსული სარდლობა, როგორც ჩანს, მეზღვაურებთან ერთად ცდილობს ფრონტზე "ხვრელების ჩაკეტვას".

"ბიჭებო, ხომ არ ყოფილა შემთხვევები, როცა სპეცოპერაციისთვის იძულებით გაუძევებიათ გემებიდან (იგივე ქვეითებში)? ამბობენ, იქ [ომში], ან გაგვათავისუფლებენო [სამსახურიდან]. ჩრდილოეთის ფლოტი უფრო მაინტერესებს", - წერს რუსი მეზღვაური 5 სექტემბერს სოციალურ ქსელში, ჯგუფში.

რეალობასთან ამ გზავნილის კავშირს სხვა წყაროებიც ადასტურებენ: 6 სექტემბერს უკრაინელმა ჟურნალისტმა რომან ციმბალიუკმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ მისი ინფორმაციით, რუსეთის საზღვაო ძალების სარდლობამ ვერ იპოვა ხალხი დიდი წყალქვეშა გემის "Адмирал Чабаненко" -ს ეკიპაჟის დასაკომპლექტებლად, რომლის მოდერნიზაციაც ახლა სრულდება სევეროდვინსკში. მიზეზია მთავარი მოთხოვნ– „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილეობის მზაობის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერა. და საბრძოლო ოპერაციებში მეზღვაურების ქვეითების რანგში მასობრივი ჩართვის გამო, ხალხს მსგავს დოკუმენტზე ხელის მოწერა აშინებს.

რთულ ვითარებაში არიან „მოხალისეები“, რომლებიც რუსეთის რეგიონებში ომში მონაწილეობის მისაღებად პროგრამით - „ქვეყნის სპეციალური საბრძოლო არმიის რეზერვი“ აიყვანეს. ისინი ხელს აწერენ „კონტრაქტების“ ცარიელ ფორმებზე ისე, რომ ასლსაც ვერ იღებენ, შემდეგ კი აღმოაჩენენ, რომ რუსეთის სახელმწიფო მათ სამხედრო პერსონალად არ თვლის და არც შესაბამისი სოციალური დაცვა თუ ანაზღაურება ვრცელდება მათზე. ამასთან, გარკვეველია ორგანიზაციის სტატუსი და იურიდიულად მისი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კავშირი – აღნიშნულს ადასტურებს ადვოკატისა და „მოხალისეების“ კომუნიკაცია, რომლებიც საკუთარ სტატუსსა და უფლებებში გარკვევას ცდილობენ.

გრებენიუკი ამბობს, რომ იგივე პრობლემებს აწყდებიან ომში ჩასართავად „ვაგნერის“ მიერ გადაბირებული „მოხალისეები“.

„ე.წ. „ვაგნერის“ სტატუსი ბევრისთვის გაუგებარია, მათ შორის, ჩემთვის. ცოტა ხნის წინ ერთი „ვაგნერიტის“ დედა დამიკავშირდა და მითხრა, რომ მისი შვილი პოპასნაში დაიღუპა და რომ არანაირი კომპენსაცია არ მიუღია. ახლა ვცდილობ გარკვევას, აქვს თუ არა „ვაგნერს“ რაიმე კავშირი თავდაცვის სამინისტროსთან. თუ აქვს, მაშინ მათაც აქვთ სოციალური გარანტიების უფლება. ხოლო თუ ეს კავშირი არ არსებობს, მაშინ, დიდი ალბათობით – არა".

როგორც ადვოკატი ამბობს, ტოპონიმი "პოპასნაია" რაღაც მომენტში ძალზე ჟღერს სამხედროების საჩივრებში:

"მარტის შემდეგ სასამართლოში იყო სარჩელები ირპენის მახლობლად დაჭრის გამო ანაზღაურების თაობაზე. შემდეგ ბევრმა დაწერა პოპასნას მახლობლად მიღებულ დაზიანებებზე“.

სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში „სამხედრო ომბუდსმენი“ დიდი რაოდენობით საჩივრები და კითხვები ფიქსირდება სამხედროების მხრიდან, რომლებიც იმედგაცრუებულნი არიან „სპეციალური სამხედრო ოპერაციით“ და აღარ სურთ მასში მონაწილეობა. პრობლემა ის არის, რომ როგორც კი კონტრაქტორი აცხადებს, რომ არ სურდა ბრძოლა, უკვე გამომუშავებულ თანასაც არ აძლევენ:

  • "ჩემს ქმარს კონტრაქტი დაუმთავრდა. მისი სახლში დაბრუნება არ უნდათ. პროკურატურაში საჩივარი როგორ დავწეროთ?"
  • „გთხოვთ, მითხრათ მოქმედების სწორი ალგორითმი, აქედან როგორც „გავიქცე“? ახლა საავადმყოფოში ვარ. ნაწილში რომ მივალ, მაშინვე სპეცოპერაციაზე გამგზავნიან და თუ უარს ვიტყვი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მითითებით, მერე გამაგდებენ „ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის“.

როგორც მაქსიმ გრებენიუკი ამბობს, თუ სამხედრო პირი უკრაინის ტერიტორიაზევე იტყვის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილეობაზე უარს, მას მცირე შანსი აქვს, მიიღოს თანხა. მეტიც, არის ცნობები, რომ ასეთი სამხედროები ექვემდებარებიან უკანონო პატიმრობას და ძალადობას, მათ შორის, „ვაგნერის“ მხრიდან.

ადვოკატის თქმით, ომში მონაწილეობაზე უარის მთქმელები ომის დაწყებისთანავე მიმართავდნენ მას კონსულტაციებისთვის. ამჟამად მსგავსი მიმართვები გაიზარდა, თუმცა რთული სათქმელია, არის თუ არა ეს უკრაინაში რუსული არმიის წარუმატებლობასთან კავშირში.

რატომ სურს ამდენ რუს სამხედროს კონტრაქტის შეწყვეტა? ამ კითხვაზე პასუხის პოვნა შესაძლებელია ზემოთხსენებულ ჯგუფებში: რუსული არმია პერსონალის დეფიციტის პირობებში იბრძვის; ბევრი ჯარისკაცი და ოფიცერი როტაციაში უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან არ ყოფილა.

  • „მითხარით, გთხოვთ, შეიძლება თუ არა, ჩემი ქმარი გამოგზავნონ სახლში, თუ 2 მცირეწლოვანი შვილი (3 წელი, 4 თვე) ჰყავს? თებერვლიდან იქ არის“,– კითხულობს სამხედროს მეუღლე.

მაქსიმ გრებენიუკი კი ამბობს, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილისგან შვებულების მოთხოვნის ლეგალური გზა არ არსებობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები